ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატაშა სრდოკი: საქართველოში კანონის უზენაესობა გამოწვევებს განიცდის


ვაშინგტონში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯის ფონდი“ „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ და "ადრიატიკის ინსტიტუტთან" თანამშრომლობით გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი-2014.

ორი ათწლეულის წინ „დამოკიდებული“ ეკონომიკიდან დღეს საქართველო ეკონომიკური კუთხით „ძირითადად თავისუფალ“ ქვეყნად ფასდება. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით შეფასების დაწყებიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ქვეყანამ 2014 წელს მიაღწია თუმცა ათიდან რვა წარმატებული კატეგორიის პარალელურად, პრობლემები აღინიშნა კანონის უზენაესობის კუთხით. გაუმჯობესების მიუხედავად, მეტი ინსტიტუციური რეფორმა კორუფციის აღმოფხვრის და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება-ნათქვამია ანგარიშში, რათა საქართველომ უფრო მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას მიაღწიოს.

ჰერითიჯის ფონდის და ადრიატიკის ინსტიტუტის ბოლო 2014 წლის შეფასებაში ნათქვამია, რომ 2013 წელს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნებს ახალმა ხელისუფლებამ ბრალი დასდო კორუფციულ დანაშაულში. იმდროინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ამ ეტაპზე საქართველო აგრძელებს საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილ კორუფციასთან ბრძოლას და როგორც ანგარიშის ავტორები ამბობენ, ტარდება ძალისხმევა ქონებრივი უფლებების უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ჩვენი სიუჟეტისთვის კომენტარი ვთხოვეთ ადრიატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ნატაშა სრდოკს, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება ჩავარდნა კანონის უზენაესობის კუთხით და კონკრეტულად რას გულისხმობდნენ ექსპერტები, როცა ქონებრივი უფლებების დაცვასა და კორუფციისგან თავისუფლებაზე საუბრობდნენ, ნატაშა სრდოკმა გვითხრა.

"საქართველოს საკმაოდ მაღალი ქულა აქვს 8 კატეგორიაში. შედარებით სუსტად შეფასდა ქვეყანაში შექმნილი კანონის უზენაესობა ორი მიმართულებით: ქონებრივი უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. ეს პრობლემა ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანას ახასიათებს. შესაბამისად, ქვეყნისთვის რომელსაც დემოკრატიაზე სურს გადასვლა, კანონის უზენაესობის განმტკიცება, დამოუკიდებელი სასამართლო და ქონების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია."

რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს ჰერითიჯისა და ადრიატიკის ინსტიტუტის შეფასების ბაზაზე ან როგორია თავისუფლების ინდექსის ავტორების ახსნა ბოლოდორინდელი ეკონომიკური პროცესებისა, როცა საქართველოში მაღალი ინფლაცია, უმუშევრობა და მთლიანი შიდან პროდუქტის პროგნოზირებადზე ნაკლები ზრდა დაფიქსირდა?

ნატაშა სრდოკი: ტრადიციულად, რომელიმე წლის ინდექსი დგება წინა წლის ივნისის მონაცემების ჩათვლით. 2014 წლის ინდექსი შედგა 2013 წლის ივნისამდე არსებული მდგომაროების გათვალისწინებით. მაღალი ინფლაციის პრობლემა, სავარაუდოდ, მონეტარული თავისუფლების კატეგორიაში მომავალი წლის ინდექსში დაფიქსირდება. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, აქ პოზიტიური ცვლილება ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის უმუშევრობაზე, და ინვესტიციაზე. საქართველო, მთლიანობაში რეგიონში მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თავისუფლება ბიზნესის დარგში, და საინვესტიციო სფეროში.
XS
SM
MD
LG