”შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფარობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”,- ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
ეპისტოლეს სწორედ ამ ეპიზოდმა გამოიწვია აღშფოთება საზოგადოების ნაწილში, ვინც მიიჩნევს, რომ ბავშვების დაყოფა, მათი მიჩნევა პრობლემურებად, დისკრიმინაციის საფრთხის მატარებელია. შობა დღეს საპატრიარქოსთან ერთი ადამიანის, თამარ ხაჭაპურიძის აქცია მოეწყო ტრაფარეტით „სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია”. გუშინდელი საპროტესტო აქცია უფრო ხალხმრავალი იყო. აქვე მივიდნენ ისინიც, ვინც მიიჩნევს, რომ პატრიარქის ნებისმიერი განცხადება უპირობოდ უნდა იყოს მიღებული. მიუხედავად ადგილზე მობილიზებული პოლიციისა, ვითარება მაინც დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სიტყვიერი შეურაცხყოფების თანხლებით. ეპისტოლეს დამცველები მიიჩნევდნენ, რომ საპატრიარქოსთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქციის გამართვისა და პატრიარქის გაკრიტიკების უფლება არ ჰქონდათ. „პატრიარქზე ხმას როგორ იღებ შე გველის წიწილო“,- ამბობდა აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ადამიანი.
პოლიციამ საპატრიარქოსთან ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე ოთხი ადამიანი გუშინ დააკავა, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშსწორების ქვეშ მოექცნენ. უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დაკავებულთა ბრალეულობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლით არ უნდა განსაზღვრულიყო.
გიორგი ნონიაშვილი, ვისაც ამერიკის ხმა ესაუბრა, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მუშაობს. მას აქციაზე ფიზიკურად საკუთარი მოსაზრებების დაცვის გამო გაუსწორდნენ. მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ტირაჟირება იდეებსა და მოსაზრებებისა, რაც ადამიანების უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებისკენ იქნება მიმართული.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორიგნს ცენტრში აცხადებენ, რომ ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოსთან გამართული საპროტესტო აქციის წინაღმდეგ გამოვიდა, მონაწილეა 2013 წლის 17 მაისის მოვლენებისაც, რა დროსაც ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული შეკრება ჩაიშალა მართლმადიდებელი ქრისტიანებობის დამცველთა სახელით.
„ვეღარ მოითმინეს და პირადად მე ხელი გამარტყეს სახეში, ასევე ჩემს მეგობარსაც. შემდგომ ბევრი მირტყამდა, როგორც მახსოვს. პატრულმა ეს ადამიანები დააკავა და მე გამარიდეს სიტუაციას. საქმე წავიდა ადმინისტრაციული სამართლით, წვრილმანი ხულიგნობით, რაც იმას ითვალისწინებს, რომ ალბათ 100-100 ლარიანი ჯარიმებით გამოვლენ ეს ადამიანები და გააგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, თუ ჩვენ არ შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, მაგალითად შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის თაობაზე, რაც სისხლის სამართლის საქმეა და არა ადმინისტრაციული. დიდი დაფიქრებაა საჭირო იმაზე, რამდენად ღირს კონკრეტულად პიროვნებებს, ფიზიკურ პირებს ებრძოლო, როდესაც არასამთავრობო სექტორის ძირითადი მიმართულება სახელმწიფოსთან ურთიერთობაა. ამ შემთხვევაში დგება ორი ალტერნატივა: კერძო პირს ედავო, თუ სახელმწიფო აიძულო დროთა განმავლობაში პოლიტიკა შეცვალოს ამ სამართლებრივ მოდულთან დაკავშირებით,“- ამბობს გიორგი ნონიაშვილი.
მიუხედავად ამისა, ორგანიზაციაში ამ დროისთვის პასუხი არ აქვთ კითხვაზე, გაასაჩივრებენ აქციის მონაწილეების ფიზიკურ შეურაცხმყოფელთა მიმართ გამოყენებულ საქმისწარმოებას ადმინისტრაციული სამართლით და მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მათ მიმართ, თუ არა. პასუხი ამ კითხვაზე დღესვე, მხოლოდ მოგვიანებით იქნება ცნობილი. ჭოჭმანს ორგანიზაციაში იმით ხსნიან, რომ სადაოა, რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანების დასჯის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც გინდა სახელმწიფო აიძულო გამოავლინოს მეტი პრინციპულობა ადამიანის უფლებების დაცვისას.