ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ახალ წელს ულოცავს


საახალწლო მილოცვა პრემიერის, პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირებისგან

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და თქვა, რომ გასული წელი „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს წელი სავსე იყო ემოციებით, მოვლენებით. ჩვენ ჩავატარეთ ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიის გზაზე.“

მან ასევე განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ.“

ღარიბაშვილმა საზღვაგარეთ მყოფ მამულიშვილებსაც მიულოცა 2014 წლის დადგომა. მათ შორის, ყურადღება ქართველ ჯარისკაცებზე გაამახვილა, რომლებიც ავღანეთში აისაფის მისიაში მსახურობენ.

საქართველოს ახალი წლის მოსვლა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიულოცა. „მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული. ხაზგასმით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვისაც ახლა განსაკუთრებით უჭირს; მინდა მივულოცო იმ ხალხს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება. მსურს განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს. მათი თავდაუზოგავი და გმირული შრომის შედეგად ჩვენ დღეს მშვიდად გვძინავს. მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ უნდა შევძლოთ წარსულის ტკივილის გადალახვა და ახალი ხედვით ახალი საქართველოს აშენება" - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილე ირაკლი გეგეჭკორმა ახალი წელი ტელეარხით ავღანეთში აისაფის მისიაში მებრძოლ ჯარისკაცებს მიულოცეს.

საახალწლო მილოცვები მთავრობის სხვა ოფიციალურმა პირებმაც გამოაქვეყნეს. ქვეყანას ახალი წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემაც მიულოცა. მილოცვა გამოაქვეყნა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც. მან სრულიად საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი უსურვა.
XS
SM
MD
LG