Your browser doesn’t support HTML5
მოკლე შესავალი
დარპას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროზე მომუშავე სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციას, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პრეზიდენტ ეიზენჰაურის მიერ 1958 წელს შექმნილი თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (DARPA) უამრავი ყველასთვის კარგად ცნობილი ინოვაციის უკან დგას. მათ შორის მხოლოდ რამდენიმეს დასახელებაც საკმარისი იქნება. ესენია: ინტერნეტი; ჯი-პი-ესი - გლობალური პოზიციონირების (სანავიგაციო) სისტემა; ამინდის პროგნოზის, თუ სატელევიზიო სატელიტები; კომპიუტერის თაგუნა (მაუსი); მოწინავე რობოტები და მრავალი სხვა.
„წინ მომავალში“
როგორ წარმოუდგენიათ მომავალი „დარპას“ წამყვან მეცნიერებს? ვიდეოჩანაწერების ციკლში „წინ მომავალში“, პენტაგონის მეცნიერები 30 წლის შემდგომი რეალობის შესახებ საუბრობენ. ის, რომ თვითმავალი მანქანები და საყოფაცხოვრებო დრონები - უპილოტო თვითმფრინავები - დედამიწაზე გზებს და საჰაერო სივრცეს მეტად დაიკავებენ, ეს არც ისე ახალი პროგნოზია. სხვა რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ?
ფიქრით რეალობის მართვა
ნეირომეცნიერების პროფესორი ჯასტინ სანჩესი, რომელიც დარპაში ბიოლოგიური ტექნოლოგიების განყოფილებას ხელმძღვანელობს, ფიქრობს, რომ დაახლოებით 30 წელიწადში რეალობის რამდენიმე ასპექტის გაკონტროლებას მხოლოდ გონების საშუალებით შევძლებთ. „წარმოიდგინეთ ისეთი სამყარო, რომელშიც გარემოს მხოლოდ საკუთარი ფიქრით გააკონტროლებთ; სახლში სხვადასხვა პროცესს მხოლოდ თავის ტვინიდან მომავალი სიგნალის საშუალებით წარმართავთ; კომუნიკაცია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ნეირო-აქტივობის შედეგად გახდება შესაძლებელი“ - ამბობს ის. დარპას მკვლევარები ამჟამად ისეთი ნეირო-ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ამ ყველაფერს რეალობად აქცევს. უკვე არსებობს თავის ტვინის იმპლანტები, რომელიც კიდურების პროთეზებს წარმატებით აკონტროლებს, რაც ჯასტინ სანჩესის თქმით, მომავლის ამ ფუტურისტული ტექნოლოგიების მსგავს ერთ-ერთ თანამედროვე ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.
მსუბუქი, მაგრამ უმტკიცესი მასალა
გეოლოგი სტეფანი ტომპკინსი, რომელიც დარპაში თავდაცვის მეცნიერებათა განყოფილების დირექტორია, ინჟინერიაში, კერძოდ, მასალათა მეცნიერებაში პროგნოზირებად დრამატულ ცვლილებებზე საუბრობს. მისი აზრით, სრულიად განსხვავებული იქნება ის მასალა, რითაც მომავალში შენობა-ნაგებობები და სატრანსპორტო საშუალებები აიგება. დაირღვევა სიმყარეს და სიმძიმეს შორის არსებული კავშირის სტერეოტიპი. მოლეკულურ დონეზე შეიქმნება სრულიად ახალი ტიპის მასალა, რომელიც მეტალივით გამძლე და ამავე დროს ბუმბულივით მსუბუქი იქნება. მისგან აიგება ცათამბჯენები, თუ საფრენი აპარატები.
მომავლის ტექნოლოგიები მთავრობათა პასუხისმგებლობაა
პემ მელროი, დარპას ტაქტიკური ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს მთავრობის წამყვან როლს ტექნოლოგიების განვითარების საქმეში. ინვესტირება ამ სფეროში ან წამგებიანია, ან თუ გაამართლა, მოგებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კერძო კომპანიები ტექნოლოგიების განვითარებაში სათანადო მოცულობის თანხებს არ დებენ. შესაბამისად, ეს მთავრობის პრეროგატივა უნდა იყოს - აღნიშნავს პემ მელროი. ამასთან ერთდ, მხოლოდ მთავრობას აქვს უნარი შექმნას ადეკვატური რეგულაციები და კანონმდებლობა, რომელიც გამოგონებათა დანერგვის, მათი ყოველდღიურობაში ინტეგრაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ, რა თქმა უნდა, კერძო მეწარმეებიც დიდ როლს ასრულებენ და მათთან პარტნიორული ურთიერთობა ინოვაციების წარმატებით შექმნის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - ამბობს ის.