ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამეცნიერო-ტექნოლოგიური სიახლეები 2016-ში


რუბრიკა „გალილეო“ 2015 წლის რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური სიახლის შესახებ და მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში 2016 წლის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე საუბრობს.

2015 წლის ყველაზე წარმატებულ სტრატეგიულ ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჟურნალი „ფორბსი“ 10 მთავარ სიახლეს გამოყოფს, რომელთაგან დღეს მხოლოდ სიის სათავეში მოქცეულ სამეულზე შევჩერდებით.

პირველ ადგილზეა „კომპიუტერი ყველგან“. სმარტფონების ფართოდ გავრცელების წყალობით, კომპიუტერული ტექნიკა მასობრივი, კიდევ უფრო მობილური და იოლად ხელმისაწვდომი გახდა. 2016 წელს უფრო პრიორიტეტული ამ მობილური კომპიუტერული ტექნიკის დიზაინის დახვეწა იქნება.

მეორე ადგილზე ასახელებენ ეწ. საგნების ინტერნეტს, რომელიც „ფორბსის“ პროგნოზებით 2016 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. საგნების ინტერნეტში იგულისხმება ელექტრონულ მოწყობილობებში არსებული პროგრამები, თუ სენსორები, რომლებიც თავად, ჩვენი ჩარევის გარეშე უკავშირდება ინტერნეტს, რაც მათ მონაცემთა შეგროვების და გაცვლის უნარს ანიჭებს.

მესამეზე სამგანზომილებიანი ბეჭდვაა. „ფორბსი“ ვარაუდობს, რომ მომდევნო წლებში ფასების ვარდნის წყალობით, სამგანზომილებიანი საბეჭდი აპარატების და მათი პროდუქციის მოხმარება ბევრად უფრო მასშტაბური გახდება.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ ტექნოლოგიების განვითარებაში მომავალი წლისთვის 5 მთავარ მიმართულებაზე საუბრობს:

  1. ავტომობილები კიდევ უფრო გონიერები გახდებიან, გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებენ და მეტი დამოუკიდებლობაც ექნებათ.
  2. ტექნიკა, რომელსაც სხეულზე ვატარებთ, უფრო გამოსადეგი გახდება. მეორე თაობის მოწყობილობები, როგორიცაა სმარტსაათები, დიზაინის და ფუნქციონალურობის მხრივ, კიდევ უფრო დაიხვეწება.
  3. ვირტუალური რეალობა ჩვენს ცხოვრებაში მეტად შემოიჭრება და უფრო დამკვიდრდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაბამისი ტექნოლოგიები მარტო თამაშების ბიზნესისთვის არ იქნება განკუთვნილი.
  4. გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება მობილური ტექნოლოგიების ერთგვარი გაკომპიუტერება, ანუ კომპიუტერული ფუნქციების შეთავსება და პირიქით - კომპიუტერების მობილურ ხელსაწყოებად გადაქცევა. მაიკროსოფტმა წელს „ვინდოუს 10“ ყველა მოწყობილობაში მოათავსა: პლანშეტი ხდება ლეპტოპი, ლეპტოპი ხდება პლანშეტი, სმარტფონი სრულად ფუნქციონირებად პერსონალურ კომპიუტერად იქცა და „ვინდოუს 10“-ს უკვე ექს-ბოქსიც კი იყენებს. მაიკროსოფტის იდეა ეფლმა და გუგლმაც აიტაცა და ეს ტენდენცია თანდათან ვითარდება.
  5. და ბოლოს: უკაბელო ინტერნეტ-ტელევიზია, რომელიც მომხმარებლებში უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, კიდევ უფრო იოლად ხელმისაწვდომი და უკეთესი ხარისხის გახდება.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალ, 2016 წლის იანვარ-თებერვლის ჟურნალის გარეკანზე ფოტოს ნაცვლად წითელ ფონზე დიდი ზომის ასოებით ერთი სიტყვა წერია - „პანიკა“. შემდეგ კი წვრილი შრიფტით: რა ვიღონოთ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით? გამოშვება კლიმატური ცვლილებების პრობლემას 6 სტატიას უძღვნის და აცხადებს, რომ „უკვე ძალიან გვიანია კლიმატური ცვლილებების შეჩერება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი შენელებით და მოტანილი ზიანის შემცირებით დავიწყოთ“.

მომავალ წელს სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც ჩანს, ძირითადად კლიმატური ცვლილებების პრობლემატიკა იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ გაცილებით დიდი რესურსი დაიხარჯება კოსმოსის შემდგომი ათვისების პროგრამებზე. შეერთებული შტატების კონგრესი ნასას 2016 წლის ბიუჯეტს თითქმის 1.3 მილიარდი დოლარით ზრდის. ეს სააგენტოს კოსმოსური პროგრამების შემდგომი გაფართოების, ასევე რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას აძლევს. ნასა ასევე გეგმავს ფონდების ნაწილი დედამიწის შემსწავლელ სამეცნიერო პროგრამებს და კიდევ, კოსმოსში კომერციული გაფრენების პროექტის განხორციელებას, მოახმაროს. სააგენტოს ინფორმაციით, პირველი კომერციული გაფრენა კოსმოსში უკვე 2017 წელს განხორციელდება.

დეკემბრის ბოლო დღეებში სოციალური ქსელების და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ელექტრო მანქანების მწარმოებელი ფირმის „ტესლა მოტორსის“ ახალი შენობის პირველი ფოტოები, რომელიც ელონ მასკის, ცნობილი მაგნატის და ინოვატორის დაფუძნებულია. ის მსოფლიოში ზომით მეორე ნაგებობაა, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს დაახლოებით სამჯერ აღემატება. გეგა-საწარმოს დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. ის მთლიანად მზის ბატარეებით არის გადახურული და დიზაინიც მინიმალისტურია: მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი.

XS
SM
MD
LG