კავშირი D ვიტამინს და გაფანტულ სკლეროზს შორის

მხატვარ ნანა ბაღდავაძის "ღვთაებრივი ნაწილაკები" დნმ-ს თემაზე შექმნილი ციკლიდან

რუბრიკა „გალილეო“ ახალი გენეტიკური კვლევის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც D ვიტამინის დაბალ დონეს და გაფანტულ სკლეროზს შორის კავშირზე საუბრობს.

ადრეული გენეტიკური კვლევების მიხედვით უკვე არსებობდა თეორია, რომ იმ რეგიონებში, სადაც ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის დაბალი დონეა, რაც ხშირად მზის სხივების ნაკლებობას და ზოგიერთ საკვებს უკავშირდება, გაფანტული სკლეროზის მეტი შემთხვევა შეიძლებოდა ყოფილიყო. იყო ეჭვი, რომ ეკვატორიდან დაცილებულ ქვეყნებში ეს აუტოიმუნური დაავადება მეტად იყო გავრცელებული.

კანადის მაკგილის უნივერსიტეტის უახლეს კვლევაში ფოკუსირება ევროპული წარმომავლობის მოსახლეობაზე მოახდინეს და მათი გენეტიკა შეისწავლეს. ნაშრომი 25 აგვისტოს სამცნიერო გამოცემა PLOS Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევამ, რომელსაც პროფესორი ბრენტ რიჩარდი ხელმძღვანელობდა, ძველი ნაშრომებიდან თითქმის 34 ათასი ადამიანის მონაცემთან ერთად, ახალი 14 498 გაფანტული სკლეროზით დაავადებული და 24 091 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემები შეისწავლა. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც გენეტიკურად მიდრეკილია D ვიტამინის დაბალი დონისადმი, გაფანტული სკლეროზის მეტი რისკი არსებობს.

ჯერჯერობით მკვლევარები სხვა ფაქტორების ზეგავლენასაც სწავლობენ და საბოლოო დასკვნის გამოტანისგან თავს იკავებენ. შესაბამისად, არ ურჩევენ ავადმყოფს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიზნით ვიტამინის გაზრდილი დოზა მიიღონ, ვინაიდან დაავადება ძალზე კომპლექსურია და მის გარშემო ჯერ კიდევ უამრავი უპასუხო კითხვა რჩება. თუმცა, პარალელურად, D ვიტამინის მიღებით დაავადების პრევენციის შემსწავლელი კვლევები სახელწოდებით PrevANZ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში უკვე დაიწყო.

ორგანიზაციის -გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოება- მონაცემებით, დაავადების დიაგნოზი უმეტესად 20-დან 50 წლამდე ასაკში ისმება. ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება გადამდები არ არის. ის საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის, თავის და ზურგის ტვინის ნერვების დეგენერაციით ხასიათდება. ის ნებისმიერ ეთნიკურ და რასობრივ ჯგუფში მყოფ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია თეთრკანიან მოსახლეობაში. ქალებში ორჯერ, და ზოგიერთი კვლევის მიხედვით სამჯერ მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე მამაკაცებში.

რაც შეეხება D ვიტამინს, მის ბუნებრივ წყაროდ მზის სხივებთან ერთად, ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე თევზეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, მაწონი, ყველი, ასევე სოკოს ზოგიერთი სახეობა ითვლება. ვიტამინის ნაკლებობა ხშირად ფიქსირდება ორსულ ქალებში, ბავშვებში და იმ ადამიანებში, რომლებიც მზის სხივებს ნაკლებად იღებენ. რაციონში D ვიტამინის დამატების გადაწყვეტილების მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე სასურველი არ არის, რადგან ზედმეტი D ვიტამინის მიღებაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.