ჰოლივუდის ფილმებში ძალადობა გასამმაგდა

რუბრიკა „გალილეო“ ახალ კვლევაზე მოგითხრობთ, რომელიც ამტკიცებს, რომ იარაღით ძალადობა ჰოლივუდის ფილმებში 1985 წლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს?
როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე ფილმები და თამაშები, რომლებიც ძალადობას შეიცავს? მეცნიერებს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ. თუმცა, ფაქტია, რომ ამერიკულ ფილმებში ძალადობა წლების მანძილზე თანდათან გაიზარდა. როგორც ჩვენი რუბრიკა „გალილეოს“ დღევანდელი გამოშვებიდან შეიტყობთ, უახლესი კვლევით დასტურდება, რომ იარაღით ძალადობა ჰოლივუდის ფილმებში 1985 წლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მონაცემი?

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: რუბრიკა გალილეო


კვლევამ, რომელიც ამერიკის პედიატრიის აკადემიის ინიციატივით ჩატარდა და შეერთებულ შტატებში გამოსაქვეყნებლად სამეცნიერო ჟურნალ „პედიატრიის“ დეკემბრის გამოცემისთვის არის განსაზღვრული, სტატისტიკურად დაადასტურა ის, რასაც ბევრი აქამდეც ეჭვობდა: იარაღით ძალადობა ჰოლივუდის ფილმებში თანდათან იზრდება. ამაში თითქოს ახალი არაფერია. მაგრამ ის, რამაც ჰოლივუდის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი განაცვიფრა, გახლავთ შემდეგი: ამჯერად საუბარია თითქმის ყველა ასაკის მაყურებლისთვის ხელმისაწვდომ ფილმებზე, ანუ კატეგორიაზე „ფი-ჯი-13“ (PG-13).

კატეგორიის განმარტებით დავიწყოთ: ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციამ რეიტინგი „ფი-ჯი-13“ 1984 წელს დააწესა. თუმცა, თავად სარეიტინგო სისტემა ბევრად ადრე, 1968 წლის 1 ნოემბერს შემოიღო იმ მშობელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელთაც აინტერესებდათ, თუ რომელი ფილმების ჩვენება შეიძლებოდა განსაზღვრული ასაკის ბავშვებისთვის.

პირველი კატეგორია “ჯი“ G - ინგლისურად General Audience გულისხმობს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის განსაზღვრულ ფილმს. კატეგორია „ფი-ჯი“ PG –Parental Guidance Suggested - ნიშნავს იმას, რომ სასურველია და არა სავალდებულო, რომ ის ჯერ მშობლებმა ნახონ. „ფი-ჯი-13“-საც თითქმის იგივე განმარტება აქვს, ოღონდ ოდნავ უფრო მკაცრი და ასაკიც კონკრეტდება: 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სჯობს მშობლებმა წინასწარ ნახონ ფილმი და შემდეგ განსაზღვრონ, თუ რამდენად შესაძლებელია მათი ნახვა. აკრძალვის კატეგორია იწყება შემდეგი რეიტინგით „არ“ R– Restricted -რაც იმას ნიშნავს, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვებს მშობლების თანხლების გარეშე ფილმზე უბრალოდ არ დაუშვებენ.

დავუბრუნდეთ პედიატრიის აკადემიის კვლევას და კატეგორიას „ფი-ჯი-13“. მკვლევარებმა 1950 წლიდან 2012 წლამდე გადაღებული ფილმები შეისწავლეს. შეირჩა თითოეული წლის 30 ყველაზე პოპულარული ფილმი, მათ შორის „ფი-ჯი-13“. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 1950 წლის შემდეგ ძალადობის სცენების რაოდენობა ფილმებში ზოგადად გაორმაგდა. 1985 წლიდან 1912 წლამდე გადაღებულ ფილმებში, რომელიც ეკრანებზე „ფი-ჯი-13“ რეიტინგით გამოვიდა, იარაღით ძალადობა გასამმაგდა კიდეც. ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება ყველაზე მკაცრი კატეგორიის, “არ“ რეიტინგის ფილმებსაც კი. იმავე პერიოდში ძალადობა პირიქით, შემცირდა „ჯი“ და „ფი-ჯი“ კატეგორიის ფილმებში.

2012 წელს ნელსენის ანგარიშის მიხედვით, რიგითი ამერიკელი წელიწადში საშუალოდ 7 ფილმს ნახულობს. შეერთებულ შტატებში წარმოებული ფილმების მოგების დაახლოებით 45% სწორედ „ფი-ჯი-13“ კატეგორიაზე მოდის. ამ ფილმებში ძალადობის ზრდას და სკოლებში თუ უნივერსიტეტებში მზარდ ძალადობას შორის კორელაცია მეცნიერულად ჯერ არ დამტკიცებულა.

არსებობს კვლევები, მათ შორის 2000 წელს გამოცემული ორი სამეცნიერო კვლევაცაა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „მედიაში ნაჩვენებ ძალადობას და ზოგიერთ ბავშვში აგრესიულ ქცევას შორის ერთგვარი კავშირი დასტურდება“. თუმცა, მანამდე და მას შემდეგაც არაერთი კვლევა გამოიცა, რომელიც სრულიად საპირისპირო დასკვნამდე მივიდა. კერძოდ: შეერთებული შტატების სამართლის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, არასრულწლოვანთა შორის ჩადენილი დანაშაული 90-იანი წლების შემდეგ მკვეთრად შემცირდა. თუკი 1993 წელს ყოველი 1 000-დან 52 არასრულწლოვანი ჩადიოდა ძალადობას, 2011 წელს მათი რიცხვი 6-მდე შემცირდა.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის კვლევა, მისი ხელმძღვანელების განმარტებით, მიზნად ისახავს ჯერ ერთი, საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებში, თუ მის ფარგლებს გარეთ პოპულარულ მედიაში, ჰოლივუდის ფილმებში ძალადობის მომენტები დროთა განმავლობაში იზრდება. „მშობლებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ „ფი-ჯი-13 ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს ამ ფილმის ნახვა შეუძლიათ“ ამბობს კვლევის ავტორი, დანიელ რომერი. ამას გარდა, „გვინდა, რომ ჰოლივუდი რეიტინგების სისტემას დაუბრუნდეს და იქ სადაც დიდი რაოდენობის ძალადობის სცენებია, იარაღით ძალადობის მომენტებია, მათ „არ“ რეიტინგი მიანიჭონ, ისევე, როგორც ამას სექსის შემცველი სცენების გამო აკეთებენ“ - აღნიშნავს ის.