შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ინფლუენზის ვირუსის რომელი ქვეტიპი გამოიწვევს შემდეგ პანდემიას. ათწლეულების მანძილზე, მეცნიერებმა არაერთხელ სცადეს ერთგვარი უნივერსალური ვაქცინის შექმნა, რომელსაც შეეძლება ადამიანთა დაცვა ვირუსის ქვეტიპების ფართო სპექტრისგან, თუმცა აქამდე - წარუმატებლად.
მცდელობათა უმეტესი ნაწილი ფოკუსირებული იყო ანტიგენების ძალზე ლიმიტირებულ რაოდენობაზე. მაგრამ, ბოლო დროს დაწინაურებული ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერებს გაუჩნდათ საშუალება შეექმნათ მრნა ვაქცინა, რომელიც ინფლუენზის A da B ვირუსის ყველა, 20-ივე ქვეტიპის ანტიგენს შეიცავს.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ მათ მიერ შექმნილი ახალი ვაქცინა ანტისხეულების დიდი რაოდენობით გამომუშავებას იწვევს და ორგანიზმს ინფლუენზის ვირუსის სხვადასხვა შტამისგან იცავს - ნათქვამია ნოემბრის ბოლოს სამეცნიერო ჟურნალში „საიენს“ (მეცნიერება) გამოქვეყნებული ახალი კვლევის პრეამბულაში, რომელიც ახლადშექმნილი ვაქცინის ეფექტიანობას ადასტურებს.
ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ შესაძლოა მიაკვლიეს ვირუსული გრიპისგან დამცავ ვაქცინას, რომლითაც იმედოვნებენ, რომ ადამიანის ორგანიზმს საჭირო დაცვას თითქმის ყველა სახის გრიპის ვირუსის ინფექციებისგან მიანიჭებენ. ამისთვის მათ მიმართეს იგივე ტექნოლოგიას, რომელიც „ფაიზერის“ და „მოდერნას“ მიერ, სარს-კოვ-2 ვირუსის წინააღმდეგ, კოვიდ-19 პანდემიის დროს შექმნილ ვაქცინაში უკვე აპრობირებული იყო.
ახალ კვლევაში პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები აღწერენ მათ მიერ ცხოველებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, რომლებიც წარმატებით დასრულდა. ახლა ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, მიკრობიოლოგიის პროფესორ სკოტ ჰენსლის მეთაურობით, ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას გეგმავს.
პროფესორ ჰენსლის თქმით, მათი მიზანია ისეთი ვაქცინის შეექმნა, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას ინფლუენზის ყველა ქვეტიპისთვის მოამზადებს, „რათა მომდევნო გრიპის პანდემიის აფეთქებისას, გაცილებით ნაკლებ ავადობას და სიკვდილს ჰქონდეს ადგილი“. კვლევის ხელმძღვანელის კომენტარები პენსილვანიის უნივერსიტეტის პრესრელიზში 25 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ასევე ნახეთ: ვაქცინის ახალი საწარმო ავსტრალიაში წელიწადში 100 მილიონ ვაქცინას დაამზადებსმეცნიერები ფიქრობენ, რომ კლინიკური კვლევების მომდევნო ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალ ვაქცინას ექნება უნარი დაიცვას ადამიანები როგორც უკვე ცნობილი ვირუსის სახეებისგან, რომლებიც ადამიანებში ცირკულირებს, ისე - იმ ვირუსებისგანაც, რომლებიც ჯერ არ წარმოქმნილა, მაგალითად ისეთების, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანს მომავალში შეიძლება გადაეცეს.
წინასწარი მონაცემებით, ამ ახალი, მრნა ტექნოლოგიით დამზადებული მულტივალენტური ვაქცინის ეფქტიანობა მაღალია და ფართო დაცვას უზრუნველყოფს ინფლუენზის ვირუსის ყველა ცნობილი, 20-ვე ქვეტიპის წინააღმდეგ - აღნიშნავენ პენსილვანიის უნივერსიტეტში პარელმანის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები. ეს შესაძლოა საფუძვლად დაედოს ფართომასშტაბიან პრევენციულ ზომას ვირუსული გრიპის მომავალი პანდემიების წინააღმდეგ.
ინფლუენზის ვირუსები პერიოდულად პანდემიებს იწვევენ, რასაც უამრავი ადამიანი ეწირება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი პანდემია 1918-19 წლების ესპანურ გრიპად წოდებული პანდემია იყო, რომელმაც ათობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. უმეტესობას ასევე სმენია კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ, რომელიც აგერ უკვე მესამე წელია გრძელდება და რომელსაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 6.6 მილიონი ადამიანი შეეწირა.
გრიპის ვირუსი შესაძლოა განსაკუთრებით საშიში გახდეს, როცა ის ცირკულირებს ჩიტებში, ღორებში და სხვა ფრინველებში თუ ცხოველებში, შემდეგ კი ადამიანზე გადადის და ახალი მუტაციებით ვრცელდება. ის ვაქცინები, რომლითაც მოსახლეობას ყოველწლიურად გრიპის ვირუსების წინააღმდეგ ცრიან, კონკრეტულ, იმ წლისთვის მოსალოდნელ შტამებზეა გათვლილი და არა მომავალ პანდემიებზე. ამიტომ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ სეზონური გრიპების ვაქცინებს ე.წ. უნივერსალური ვაქცინა არ ჩაანაცვლებს.
კვლევის შედეგები აჩენს იმედს, რომ ახალი ვაქცინის ბავშვებში ადმინისტრირების შემთხვევაში, ადამიანს შესაძლოა იმუნური მეხსიერება ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს. პროფესორი ჰენსლი, კოლეგებთან ერთად, ახლა მუშაობს ადამიანებზე ვაქცინის კლინიკური გამოცდების კვლევის დიზაინზე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კვლევების შემდგომი ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რაც ახალი ვაქცინის არამარტო ეფექტიანობას, არამედ მის კლინიკურ უსაფრთხოებასაც გულისხმობს, აცრის ადმინისტრირება ყველა ასაკის ადამიანზე იქნება შესაძლებელი. „ვფიქრობთ, ამ ვაქცინას შეეძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მწვავე გრიპის ინფექციის შანსები“ - ამბობს პროფესორი ჰენსლი.
ახალ ვაქცინას ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს - მრნა ვაქცინების წარმოება ადვილია, მათი არც შენახვა და ადმინისტრაცია დაჯდება ძვირი. ამას გარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ წარმატების შემთხვევაში, იგივე მულტივალენტური მრნა სტრატეგიის გამოყენება, შესაძლებელი იქნება პანდემიის პოტენციალის მქონე სხვა ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის - კორონავირუსებთან საბრძოლველადაც.
კვლევას პროფესორ ჰენსლისთან ერთად, კიდევ 17 ავტორი ჰყავს. მათი სამეცნიერო ნაშრომის უფრო დეტალურად გაცნობა და კვლევის ლიმიტების ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალის „საიენს“ 24 ნოემბრის გამოშვებაში. კვლევა დააფინანსა შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა.