2022 წელს, შეერთებულ შტატებში საგზაო ავარიების გამო 7 500-ზე მეტი ფეხით მოსიარულე დაიღუპა. „საგზაო უსაფრთხოების მმართველთა ასოციაციის“ ახალი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამერიკის გზებზე მოძრავი მანქანების გამო, დღეში საშუალოდ 20 ქვეითი აიღუპებოდა.
ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში რეკორდული მონაცემია. ქვეითებში მსხვერპლის მაჩვენებელი ამერიკაში 2010 წლიდან იზრდება და სტაბილურად აღმავლობის გზაზეა, ამბობენ ანგარიშის ავტორები, რომლებიც სიტუაციას ათწლეულებია აკვირდებიან.
მიზეზებს შორის ასახელებენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სიმცირეს და დიდი ზომის მანქანების მოჭარბებას, რომლებიც გაცილებით მეტ მსხვერპლს იწვევს, ვიდრე - მომცრო მანქანები. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ფეხით მოსიარულეთა შორის სიკვდილობის მონაცემი განსაკუთრებით გაიზარდა 2020 წლის პირველ ნახევარში, პანდემიის პირველ თვეებში, როცა გზები სრულიად დაცარიელდა. მაშინ მძღოლები გადაადგილებისას სიჩქარეს ზრდიდნენ და მანქანის ტარების დროს ნაკლებად კონცენტრირებულები იყვნენ.
მსხვერპლის რაოდენობით ამერიკის ტერიტორიაზე სამხრეთის შტატები ლიდერობს. მათ შორისაა ნიუ-მექსიკო, ფლორიდა და არიზონა. ნაშრომის ავტორებს არ აქვთ ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რატომაა სიკვდილობა ბევრად მაღალი სამხრეთის შტატებში. ისინი რამდენიმე შესაძლო თეორიას შორის გამოყოფენ კარგი ამინდის ფაქტორს, რის გამოც ხალხი სავარაუდოდ, გარეთ მეტად მოძრაობს, ვიდრე - ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
რეგულაციების გამკაცრების გარდა, რომელთა შორის სიჩქარის ლიმიტების შემცირება და მოძრაობის წესების დამრღვევთა მეტად დასჯის სტრატეგია ლიდერობს, პრობლემის მოგვარების სხვა გზებიც არსებობს, აღნიშნავენ სპეციალისტები. მათ შორის სახელდება შუქნიშნების ვიდეოთვალით კონტროლი; ველოსიპედის ხაზის დამატება; ქალაქდაგეგმარების დროს, მოსახვევების ნაცვლად, ქუჩებზე მახვილი კუთხეების ქონა, რადგან ამ დროს მძღოლი უფრო მეტადაა კონცენტრირებული; ასევე მნიშვნელოვანია ქუჩის შუაგულში ფეხით მოსიარულეებისთვის შემაღლებული კუნძულების აგება; ტროტუარის სამანქანო გზიდან კიდევ უფრო მეტად გამოყოფა და ა.შ.
საქართველო
2019 წელს, საგზაო ავარიებში დაღუპული ადამიანების რიცხვით, საქართველო ევროპის ქვეყნებში ლიდერობდა. ყოველ მილიონ მოსახლეზე მსხვერპლის რაოდენობით, მეორე ადგილზე იყო ყაზახეთი, შემდეგ მოდიოდა ყირგიზეთი და სომხეთი.
ამ სტატისტიკური მონაცემების გაცნობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. საგზაო ავარიებში დაღუპულ ფეხით მოსიარულეთა შორის, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა და ის 21-ე ადგილზე იყო.
საქართველოს 2021 და 2022 წლების სტატისტიკური მაჩვენებლები გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ვებგვერდზე ასახული ჯერ არ არის. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, საქართველოში დაახლოებით იმდენივე ადამიანი დაიღუპა, (449), რაც 2019 წელს (481). შესაბამისად, მდგომარეობა მილიონ მოსახლეზე მსხვერპლის გათვლით, ან იგივე უნდა იყოს, ან მხოლოდ მცირედით თუ გაუმჯობესდა.
მსოფლიო
დედამიწაზე ყოველწლიურად საგზაო ავარიებში 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აქედან თითქმის ნახევარი ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები, ან მოტოციკლის მძღოლები არიან. საგზაო შემთხვევებში დაშავებულთა რიცხვი წლიდან წლამდე 20-დან 50 მილიონამდე მერყეობს.
გაეროს ჯანდაცვის წამყვანი უწყების ვებგვერდის მიხედვით, ფატალური საგზაო შემთხვევების დიდი უმრავლესობა, 93% ღარიბ და დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ იქ გლობალურად ავტომანქანების მხოლოდ 60% მოძრაობს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საგზაო შემთხვევებში დაშავებით გამოწვეული სიკვდილი, 5-დან 29 წლამდე ბავშვებში და ახალგაზრდებში სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. ავარიებში კაცები უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე - ქალები. დაღუპულთა შორის 25 წლამდე ასაკის მამაკაცების და ვაჟების რაოდენობა 73%-ს შეადგენს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2030 წლისთვის ამბიციური მიზანი დასახა - 2020 წელთან შედარებით, გლობალურად საგზაო შემთხვევების მსხვერპლის განახევრება. ინიციატივას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უძღვება და მსოფლიოს მასშტაბით მრავალ პროგრამას ამუშავებს, რომელთა შორის საგზაო რისკებზე და ავარიების პრევენციაზე ინფორმაციის გავრცელებას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს.
ზოგადად, 1990-2019 წლების საშუალო მონაცემებით, დედამიწაზე სიკვდილობის წამყვან მიზეზად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები რჩება, რის გამოც ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 18.5 მილიონი ადამიანი კვდება. მეორე ადგილზეა სხვადასხვა სახის კიბო (10 მილიონი), მესამეზე - რესპირატორული დაავადებები (2.5 მილიონი). საგზაო ავარიებით სიკვდილობა წამყვან მიზეზებს შორის ამჟამად მე-12 ადგილზეა, ღვიძლის (1.4) და თირკმლის (1.4) დაავადებების შემდეგ. ბოლო ადგილზეა ბუნებრივი კატასტროფები (6 000).