ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

107 000-მდე ამერიკელი კვდება წელიწადში ფტალატებთან შეხების გამო


ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ფტალატების ჯგუფის ქიმიკატები ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ფტალატებით ჯანდაცვისთვის მიყენებული ზარალი კი წლიურად სახელმწიფოს 47 მილიარდამდე უჯდება. ადრინდელ მონაცემებთან შედარებით, ფინანსური ზარალი გაოთხმაგებულია.

ფტალატების ოჯახის ქიმიკატებს ამერიკაში ხშირად უწოდებენ „ყოველდღიურ ქიმიკატებს“. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფტალატები მთელ მსოფლიოში ასობით, (თუ ათასობით არა) ისეთ ნივთში და საკვებშია, რომელთაც ყოველდღიურად ვეხებით, მივირთმევთ, მოვიხმართ. ფტალატები არის სხვადასხვა საკვებში (ბურღულეული, ხორცპროდუქტები, ზეთები, კანფეტები...) და სურსათის კონტეინერებში, პლასტმასის ჭურჭელში, თუ სხვა საოჯახო ნივთებში: შამპუნებში, კოსმეტიკურ ნაწარმში, სუნამოებში, სათამაშოებში, სარეცხ ფხვნილებში, წამლებში, საღებავში, ავეჯზე თუ იატაკის ზედაპირზე. ამა თუ იმ სახით ფტალატები ეტიკეტზე დაბეჭდილ შემცველობაში შემდეგი აბრევიატურით აღინიშნება: DBP, BBP, DBF, DEHP.

ფტალატების დამატება პლასტმასის ნივთებს მეტ ელასტიურობას, გამძლეობას, გამჭვირვალობას აძლევს. ამ ტიპის ნივთიერებები იოლად გადადის გარემოში და ასევე იოლად აღწევს ადამიანის ორგანიზმში შესუნთქვით, გადაყლაპვით, ან კანზე შეხების გზით. ფტალატებს ექიმები პოულობენ შარდში, სისხლში, დედის რძეში და ორსულის სანაყოფე წყლებში.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფტალატები ზრდასრულებში იწვევს სერიოზულ ჰორმონალურ ცვლილებებს, რაც თავისთავად შემდეგ უკავშირდება რეპროდუქციასთან და ორგანიზმის იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების კასკადს. რუბრიკაში „გალილეო“ განხილული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ორსულების ფტალატების შეხებამ შესაძლოა ბავშვებში მეტყველების განვითარების პრობლემა გამოიწვიოს. იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც უმეტესად არა შინ, არამედ რესტორნებში და კაფეებში იკვებებიან, გაცილებით მაღალი, ზოგჯერ 40 პროცენტით მეტი აღმოჩნდა ფტალატების დონე. წელს, თებერვალში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, ფტალატები ჭარბ წონას, დიაბეტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც უკავშირდება.

ახალი ნაშრომის წამყვანი ავტორები არიან ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები გროსმანის სამედიცინო სკოლიდან. მათ 55-დან 64 წლამდე ასაკის 5 000-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი, ვისაც შარდში ფტალატების განსაკუთრებით მაღალი დონე აღენიშნებოდა, გულის შეტევით, ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის გაცილებით მეტი რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე დანარჩენები. არ დადასტურდა ტოქსინების მაღალი დონის კავშირი კიბოთი გარდაცვალების რისკებთან. შარდის ანალიზები მეცნიერებმა შეერთებული შტატების მონაცემთა ბანკიდან 2001-2010 წლის ჩათვლით აიღეს და ისინი შემდგომ სხვა ანალიზებს შეადარეს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ფტალატების დიდ რაოდენობასთან შეხება ნაადრევ სიკვდილს უკავშირდება, კერძოდ - გულის დაავადებით“ - აღნიშნავს ნაშრომის წამყვანი ავტორი, ექიმი ლეონარდო ტრასანდე. „აქამდეც გვესმოდა, რომ ეს ქიმიკატები გულის დაავადებებს უკავშირდებოდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კი თავისთავად სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. მაგრამ, ქიმიკატების გარდაცვალებასთან კავშირი არ იყო დადგენილი“ - აცხადებს ექიმი ტრასანდე პრესრელიზში, რომელსაც მეცნიერების დაწინაურების ამერიკული ასოციაცია (AAAS) აქვეყნებს.

„ჩვენი კვლევის მიხედვით, ამ ქიმიკატის გავლენა საზოგადოებაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა“ - ამბობს ტრასანდე. ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გარემოს დაბინძურების ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, მტკიცებულება საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ გარკვევით ითქვას: „ტოქსიკურ ფტალატებთან შეხების შემცირებას შეუძლია ამერიკელთა ფიზიკური და ფინანსური კეთილდღეობა გააუმჯობესოს“.

ფტალატებს და ნაადრევ სიკვდილს შორის ტოლობის ნიშნის გავლება ამ კვლევაზე დაყრდნობით, ჯერჯერობით მაინც შეუძლებელია, რადგან ნაშრომში არ არის მოყვანილი სპეციფიკური ბიოლოგიური მექანიზმი, თუ რა იწვევს პაციენტების გარდაცვალებას. ამისთვის და ასევე ჰორმონალურ ცვლილებებთან და ორგანიზმში ანთებით პროცესებთან ფტალატების კავშირის მეტი სიზუსტით წარმოსაჩენად, ნაშრომის ავტორები დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავენ.

ნაშრომი „ფტალატები და მასთან დაკავშირებადი სიკვდილობა“ გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში „გარემოს დაბინძურება“ (Environmental Pollution), 12 ოქტომბრის ნომერში. კვლევა დააფინანსა შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა. ლეონარდო ტრასანდესთან ერთად, მისი ავტორები არიან ვეი ბაო და ბუინ ლიუ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG