მითები და რეალობა „ოზემპიკითა“ და მსგავსი პრეპარატებით წონაში კლებაზე

რუბრიკა „გალილეოს“ სტუმარია ამერიკელი ექიმი მარი ლიპარტია - თერაპევტი, რომელიც ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში სიმსუქნის დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობს. მას ვთხოვეთ განემარტა, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ზოგიერთი გავრცელებული მოსაზრება წონაში დასაკლებ პრეპარატ „სემაგლუტიდზე“ და მსგავს წამლებზე, რომელთა პოპულარობაც თანდათან იზრდება. მათ ბევრი უფრო „ოზემპიკის“ სახელით იცნობს. გთავაზობთ ექიმ მარი ლიპარტიას განმარტებებს, რომლებიც რედაქტირებულია მხოლოდ მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.

ექიმი მარინე ლიპარტია

ეს პრაქტიკულად ჯადოსნური ჯოხია, ვინც მიიღო, წონაში ყველამ დაიკლო.

„სემაგლუტიდზე“, რომელსაც ბევრი “ოზემპიკის” სახელით იცნობს, ჩატარებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მონაწილეთა 14%-ს ამ წამლით წონაში კლების ეფექტი არ ჰქონია. უმრავლესობამ დაიკლო სხეულის მასის 5%-მდე, მონაწილეთა თითქმის ნახევარმა - სხეულის მასის 15%-მდე და მხოლოდ 30%-მა დაიკლო სხეულის მასის 20%-ზე მეტი.

წამლის მიღებას თუ შევწყვეტ, დაახლოებით 2 წელში მთელ დაკლებულ წონას ისევ მოვიმატებ.

ვინაიდან სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც შემობრუნება, განმეორება, რეციდივები ახასიათებს, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადების მკურნალობის შეწყვეტისას, რა თქმა უნდა, რეციდივის, ამ შემთხვევაში - დაკლებული წონის მომატების - რისკი მაღალია. ზოგჯერ შესაძლებელია წამლის შეწყვეტა, მაგრამ პაციენტმა უნდა გააგრძელოს სწორი კვება, ვარჯიში და ა.შ. კვლევების მიხედვით, მკურნალობის შეწყვეტიდან ერთ-ორ წელიწადში პაციენტების უმრავლესობა წონას ისევ იმატებს.

მკურნალობის ერთ-ერთი უკუჩვენება შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის კიბო იყოს.

ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს რისკის გაზრდა მხოლოდ მღრღნელებში დაფიქსირდა. მღრღნელებს ფარისებრ ჯირკვალში მრავლად აქვთ გამოხატული C უჯრედები, რომელთა აქტივაციაც ამ წამლით ხდება. ადამიანებში ეს უჯრედები მცირე რაოდენობითაა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიან კვლევებში ადამიანებში კონკრეტულად ეს რისკი ნანახი არ არის, ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს, ან მასთან ასოცირებული რამდენიმე სხვა სახის სიმსივნე პაციენტის ანამნეზში (ავადმყოფობის განვითარების ისტორიაში) ან მისი ოჯახის წევრების ანამნეზში უკუჩვენებას წარმოადგენს. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებები, ან სხვა სახის კიბო, ანამნეზში უკუჩვენება არ გახლავთ.

კუჭის პარალიზება, თირკმლის პრობლემები, პანკრეატიტი, ჰიპოგლიკემია... ეს არის მკურნალობის შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენების არასრული სია.

დიახ, ასეა. ამიტომაც არის აუცილებელი სრული გამოკვლევა როგორც მკურნალობის დაწყების წინ, ისე სამედიცინო მეთვალყურეობა მკურნალობის დროს. მკურნალობის დასრულების შემდეგაც საჭიროა ხანგრძლივი შემდგომი დაკვირება და გამოკვლევა.

წონაში კლება “სემაგლუტიდის” მიღებისას, სხეულში უფრო კუნთის, და არა ცხიმის შემცირების ხარჯზე ხდება.

„სემაგლუტიდის“ მიღებისას, კუნთის მასის შემცირება ხდება ისევე, როგორც - მის გარეშე კალორიების შემცირებით წონაში კლებისას. ზოგიერთი კვლევა იმასაც მიუთითებს, რომ „სემაგლუტიდის“ მიღებისას ცხიმის წვის თანაფარდობა უფრო მაღალია და ნაკლები კუნთის დაკარგვა ხდება, ვიდრე წამლის გარეშე კალორიების შეზღუდვის დროს.

რაც არ უნდა ვჭამო, მაინც დავიკლებ, ჯანსაღი კვება არ მომეთხოვება.

წონაში კლება არაჯანსაღი კვების ფონზე, ჯანმრთელობის მხრივ კარგ შედეგს არ მოგვცემს. მაგალითად, თუ არ ვიღებთ საკმარის ცილას, ეს გამოიწვევს დიდი მოცულობით კუნთის განლევას. ასეთი შედეგი პაციენტებს ხშირად არ მოსწონთ, რადგან ვიზუალურადაც „გალეულ“ შესახედაობას ვიღებთ. ამას გარდა, ვინაიდან მადის შემცირების გამო, საკვების მიღება კალორიების რაოდენობითაც მცირდება, არაჯანსაღი და დაუბალანსებელი კვების დროს იზრდება მალნუტრიციის (კვების დეფიციტის, არასრულფასოვანი კვების), ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის რისკი.

მკურნალობის დაწყებიდან 18 თვეში ერთგვარ „პლატოს“ ეფექტს ვიღებთ, წონაში კლება ჩერდება.

განუსაზღვრელი დროით წონაში კლება არცერთი მეთოდით არ ხდება, მათ შორის არც ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის დროს და არც ამ წამლებით მკურნალობისას. ყველა აღწევს „პლატოს“, ანუ წონის კლების შეჩერებას და ეს შეიძლება პაციენტისთვის სასურველი წონის მიღწევამდე მოხდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ კვლევებში ამ წამლით სხეულის მასის 20%-მდე დაკლებას მხოლოდ მონაწილეთა მესამედმა მიაღწია.

„სემაგლუტიდი“ ზოგადად უსაფრთხოა, ყველას შეუძლია მისი მიღება.

ეს არ არის უსაფრთხო წამალი და აუცილებლად საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა.

მკურნალობის დროს ვარჯიში აუცილებელი აღარ არის.

მართალია, წონაში კლება ვარჯიშის გარეშეც არის შესაძლებელი, მაგრამ ვარჯიში მაინც აუცილებელია, რათა შევინარჩუნოთ კუნთის მასა, თავი დავიცვათ სარკოპენიისა (კუნთების მასის დაკარგვა და ფუნქციის დაქვეითება) და ოსტეოპოროზისგან (ძვლების სისტემური დაავადება). ამას გარდა, ვარჯიში ბევრი სხვა მიზეზითაც სრულიად შეუცვლელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.