ჰაერის დაბინძურებასთან გადამწყვეტი ბრძოლა იწყება - რუბრიკა “გალილეო"

დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და შესაბამისად, ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ჰაერის დაბინძურებაა. მთელ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად, საშუალოდ 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება, ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2016 წლის ანგარიშში. აქედან 600 ათასზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვია, რომელიც დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით და ინფექციებით იღუპება, ანუ, თითქმის ყოველი მეათე ბავშვი დედამიწაზე.

სახელმწიფოები გადამწყვეტ ზომებს იღებენ. ჩინეთმა, გარემოს ერთ-ერთმა მთავარმა დამბინძურებელმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ პეკინის და შანხაის გარდა, ჩრდილოეთის კიდევ 26 დიდ ქალაქში ჰაერის დაბინძურებას 15 პროცენტამდე შეამცირებს.

დრამატულ ნაბიჯებს დგამენ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჰაერის ხარისხი სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მაღალია და მანქანის გამონაბოლქვიც უკეთ რეგულირდება. საფრანგეთი 2022 წლამდე მთლიანად დაასრულებს ქვანახშირით ელექტროენერგიის წარმოებას. ატომურ სადგურებზე ნაწარმოებ ელექტროენერგიას კი 2025 წლამდე 75-დან 50 პროცენტზე დაიყვანს.

2040 წლიდან საფრანგეთი ბენზინზე და დიზელზე მოძრავი მანქანების აკრძალვასაც გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ გასულ თვეში გააკეთა, რასაც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “რევოლუციური” ნაბიჯი უწოდა. მანამდე კი, 2020-დან პარიზის მერი დედაქალაქში დიზელზე მოძრავ მანქანებს კრძალავს. საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრის, ნიკოლას ჰულოს განცხადებით, დაბალი შემოსავლის მქონე მძღოლებს სუფთა ენერგიაზე მოძრავი მანქანების შესაძენად, ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. მთავარია, რომ მსოფლიოს ზომით მე-6 ეკონომიკის მქონე ქვეყნის ავტომწარმოებლები მთავრობის გეგმას ემხრობიან და ბაზრის ახალ მოთხოვნებს ერგებიან.

PSA Group - ფრანგი ავტომწარმოებლების გაერთიანება, რომელშიც შედის ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა “პეჟო” და “სიტროენი”, აცხადებს, რომ 2023 წლამდე ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გამოშვებას 80 პროცენტამდე გაზრდის. დღეს მათი წარმოება პროდუქციის მოხულობის მხოლოდ 4.7 პროცენტს შეადგენს.

საფრანგეთის შემდეგ, ძალიან მალე, ანალოგიური განცხადება გააკეთა ბრიტანეთმა. იქაც 2040 წლიდან, ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანებს ვეღარავინ შეიძენს. ლონდონის მერიც დიზელზე მოძრავი მანქანების აკრძალვას უფრო ადრე, 2020 წელს გეგმავს. მიზეზად გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჰაერში ემისიების დონის ზრდას ასახელებს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ერთ-ერთი უმთავრესი რისკია.

“ჰაერის დაბალი ხარისხი გაერთიანებულ სამეფოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებული ყველაზე დიდი რისკია. მთავრობა მოწოდებულია უმოკლეს ვადებში გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები” - აცხადებს მთავრობის პრესსპიკერი. ბრიტანეთის მთავრობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჰაერის დაბინძურება ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც მოქმედებს. მარტო ბოლო ერთი წლის მანძილზე, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პროდუქტიულობის დაქვეითება სახელმწიფოს 2.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

ბრიტანული და ფრანგული კომპანიები ამ საქმეში მარტო არ არიან. დიდი ტრადიციის მქონე ბრენდებს შორის, ყველას დაასწრო ცნობილმა შვედურმა ავტომწარმოებელმა “ვოლვომ”. მან პირველმა დათქვა ყველაზე ამბიციური თარიღიც: 2019 წელი. სულ რაღაც ორ წელიწადზე ნაკლებ დროში “ვოლვო” მარტო ელექტრო მანქანებს, ან ჰიბრიდებს გამოუშვებს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს შიდა წვის ძრავის დასასრულის დასაწყისი იყოს. “ბი-ბი-სის” მონაცემებით, დღეს ასეთი მანქანები მთელი ევროპული ბაზრის 95 პროცენტს შეადგენს. “ვოლვოს” პრეზიდენტის ჰაკან სამუელსონის თქმით, მათი “გადაწყვეტილება ექსკლუზიურად შიდა წვის ძრავზე მოძრავი მანქანების აღსასრულის აღმნიშვნელი მომენტია”. მან “ვოლვოს” მთავარ კონკურენტებს შორის ამერიკული კომპანია “ტესლა” დაასახელა, რომელიც დაარსებიდან მხოლოდ ელექტრო მანქანებს უშვებს. თუმცა, გლობალურ ლიდერად ამ საქმეში “რენო-ნისანის ალიანსი” რჩება. “ტესლა” ელექტრო მანქანების გაყიდვით “ნისანს” საგრძნობლად ჩამორჩება და მეორე ადგილი უჭირავს.

“ტესლას” საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა. ცნობილმა მილიარდერმა, ინოვატორმა და ფილანტროპმა ელონ მასკმა კომპანიის დაარსებისას განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანი გარემოს დაცვა დაჰაერის კიდევ უფრო მეტი დაბინძურებისგან გადარჩენა იყო. “ტესლა” ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ ელექტრო მანქანების გამოშვებით არ შემოიფარგლება, ის მზის ბატარეებსაც აწარმოებს და მზის ენერგიის შენახვაშიც სპეციალიზდება.

იყო დრო, როცა ამერიკაში ბენზინი უსარგებლო, მეორად ნავთობპროდუქტად ითვლებოდა. ნავთის მიღების შემდეგ, მას ცეცხლს უკიდებდნენ, ან მდინარეში ღვრიდნენ. ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლოს. ერთი საუკუნის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: მანქანების მასობრივი წარმოების შედეგად, ბენზინზე მოთხოვნა კატასტროფულად გაიზარდა და ის ავტოწარმოების განუყოფელი ნაწილი გახდა.

რა მდგომარეობა გვექნება კიდევ ერთი საუკუნის ბოლოს? უკვე შეგვიძლია ერთი დრამატული ცვლილება უკვე ვივარაუდოთ: ჯერჯერობით ყველა მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ 21-ე საუკუნის ბოლოს, ე.წ. შავი ოქრო მნიშვნელოვნად გაუფასურდება. მართალია, ბენზინს მხოლოდ ავტომანქანა არ მოიხმარს, მაგრამ ის ბაზარზე წამყვან დამკვეთად რჩება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს სამგზავრო მანქანები გლობალურად ბენზინის მოთხოვნის ყველაზე მეტ, 26 პროცენტს შეადგენდა. გაცილებით მეტს, ვიდრე ავიაცია და გადაზიდვები ერთად აღებული.

P.S.

  • ინდოეთი: ემისიების გამოყოფის შემცირება 2020 წლამდე 20-25 პროცენტით იგეგმება
  • მექსიკა: დიზელზე მოძრავი მანქანები მეხიკოში 2025 წლიდან იკრძალება
  • საბერძნეთი: 2025 წლიდან ათენი დიზელზე მოძრავ მანქანებს კრძალავს
  • ნორვეგია: ოსლოს ცენტრში, 1.7 კვადრატული კილომეტრის რადიუსში მანქანების დაყენება უკვე აკრძალულია. 2019-ში მანქანების მოძრაობაც აიკრძალება. მოსახლეობა ცენტრში ძირითადად საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ან ველოსიპედს იყენებს. ნაწილი ფეხით დადის. 2025 წლიდან ნორვეგია დიზელზე და ბენზინზე მოძრავ მანქანებს კრძალავს
  • ესპანეთი: მადრიდის ცენტრში, 2020 წლიდან 2 კვადრატული კილომეტრის რადიუსში მანქანების მოძრაობა იკრძალება, 2025 წლიდან კი მთელ ქალაქში დიზელზე მოძრავი მანქანები აიკრძალება
  • გერმანია: ჰამბურგში 20 წელიწადში მანქანის სავალი ნაწილი ტროტუარების და ველობილიკების ხარჯზე ისე შემცირდება, რომ ქალაქის 40 % მწვანე პარკებით და სათამაშო მოედნებით იქნება დაფარული
  • აშშ: ამერიკულ ქალაქებს შორის სან-ფრანცისკო ლიდერობს. ის მანქანებს კრძალავს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე, მარკეტ-სტრიტზე. თავისუფალი ზონის რადიუსი - 3.5 კილომეტრს აღემატება
  • ბელგია: ბრიუსელში 1998 წლამდე გამოშვებული დიზელზე მოძრავი მანქანები 2018 წლიდან იკრძალება. ბრიუსელს ევროპაში სიდიდით მეორე მანქანებისგან თავისუფალი ცენტრი უკვე აქვს. 28 ჰექტრით, ის მხოლოდ ვენეციას (იტალია) ჩამოუვარდება. ბრიუსელი ზონის თითქმის გაორმაგებას, 50 ჰექტრამდე გაზრდას გეგმავს