2 ნივთიერება, რომელიც კაცის უშვილობაზე მოქმედებს - რუბრიკა “გალილეო”

კაცებში უნაყოფობის პრობლემასთან დაკავშირებით, შეშფოთება მთელ მსოფლიოში იზრდება. ბევრი მეტაანალიტიკური კვლევა ადასტურებს, რომ გლობალურად, მამაკაცებში სპერმის ხარისხმა ბოლო 70 წლის მანძილზე, საშუალოდ, 50%-ით იკლო.

პარალელურად, იზრდება სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების სიხშირე და იმ გეოგრაფიული რეგიონების არეალი, სადაც კაცებში სპერმის რაოდენობა იკლებს - ნათქვამია 4 მარტს გამოცემულ სამეცნიერო კვლევაში. მისი ავტორები არიან ბრიტანელი მეცნიერები ნოტინგემის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერების ჯგუფის დაკვირვებით, ანალოგიური პროცესები შეინიშნება შინაურ ცხოველებშიც, კერძოდ ძაღლებში. ადრეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო 26 წლის მანძილზე შესწავლილ ძაღლებში სპერმის ხარისხი 30 პროცენტით გაუარესდა.

მკვლევარებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მიზეზი შეიძლება შენობებში არსებული გარემოს დაბინძურების ფაქტორები იყოს, რომელიც ერთნაირ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ასევე მის ყველაზე ახლო მეგობარ ცხოველებზე. ახალ კვლევაში სპერმაზე ორი ნივთიერების უარყოფითი გავლენა დადასტურდა, ორივე ქიმიკატი სპერმის დე-ენ-ემს აზიანებს.

ეს მავნე ნივთიერებები ადამიანის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი. პირველია ფტალატების ჯგუფის DEHP აბრევიატურით ცნობილი პლასტმასის დამარბილებელი, რომელიც მას მეტ პლასტიურობას და გამძლეობას ანიჭებს. ის გამოიყენება ხალიჩების, იატაკის, ავეჯის, ნაჭრების, ტანსაცმლის, მილსადენების, სათამაშოების, ჭურჭლის და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის წარმოებაში.

მეორე ნივთიერებააა პოლიქლორირებული ბიფენილი PCB 153. ეს ქიმიკატი წესით ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, მაგრამ შემოწმების შედეგად, ჩანს, რომ გარემოში და საკვებშიც კი ის მაინც ფართოდ ფიქსირდება.

ექსპერიმენტი ბრიტანეთში ადამიანების და ძაღლების სპერმაზე იდენტურად ჩატარდა. შედეგი ანალოგიური მიიღეს: ქიმიკატები იმ კონცენტრაციით, რაც გარემოშია, ერთნაირად მავნე, დამაზიანებელ გავლენას ახდენს როგორც ადამიანზე, ისე ძაღლზე.

ნაშრომის წამყვანი ავტორი რიჩარდ ლი ამბობს, რომ სწორედ ეს “ხელოვნური ქიმიკატები, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სახლებში და სამუშაო ადგილებზე, უნდა იყოს პასუხისმგებელი სპერმის ხარისხის ვარდნაზე იმ გარემოში, რომელიც საერთოა ადამიანებისთვის და ძაღლებისთვის”. მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუსწავლიათ ორივე ნივთიერების ზემოქმედება კომბინაციაში.

პროფესორ გარი ინგლანდის თქმით, “რაკი გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები ძირითადად დასავლური ინდუსტრიალიზაციის და ცხოვრების სტილისთვის არის დამახასიათებელი, შესაძლოა ქიმიკატების კონცენტრაცია გარემოში გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, განსხვავებული იყოს. მნიშვნელოვანი იქნება მომავალ კვლევებში იმის შესწავლა, თუ როგორ ახდენს ესა თუ ის რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გავლენას სპერმის ხარისხზე კაცებში და ძაღლებში”.

ზოგადად, უშვილობა მთელ მსოფლიოში მცხოვრები წყვილების სულ ცოტა, 15 პროცენტს აწუხებს. საუბარია მინიმუმ 48.5 მილიონ წყვილზე. აქედან მამაკაცების უშვილობის გამო, ბავშვი არ უჩნდება დაახლოებით ნახევარს. მონაცემები მართალია გლობალურია, მაგრამ მთელ რიგ რეგიონებში არასრული აღრიცხვის გამო, სავარაუდოდ, ბოლომდე ზუსტი არ არის.

დედამიწაზე სულ ცოტა, 30 მილიონი კაცი უნაყოფოა. კაცებში უშვილობის პრობლემა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში, ასევე აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება.

გამოკითხვები ადასტურებს, რომ მომავალში დამატებითი კვლევებია საჭირო ეტიოლოგიის (ავადმყოფობის/პრობლემის გამომწვევი მიზეზების) და მკურნალობის მეთოდების დასადგენად. აუცილებლად შესასწავლია სტერეოტიპების და კულტურული ბარიერების გავლენაც სხვადასხვა რეგიონში.

ბრიტანელი მეცნიერების ნაშრომის გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის “ნეიჩერ” მარტის გამოცემაში. მისი ავტორები არიან ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები: რებეკა სამნერი, მეთიუ ტომლინსონი, ჯიმ კრეიგონი, გარი ინგლანდი და რიჩარდ ლი.