ამერიკელები მთვარეზე არც არასდროს დამჯდარან, სცენა ჰოლივუდში დაიდგა; ვაქცინაცია ჩვენს შვილებს სხვადასხვა უკურნებელი სენით აავადებს; კლიმატური ცვლილებები ფანდია, ის მეცნიერებმა კვლევების დასაფინანსებლად მოიგონეს; ლუგარის ლაბორატორია ქართველებს ექსპერიმენტული ვირუსებით აინფიცირებს; ნასა რამდენიმე ათეული წელიწადია უცხოპლანეტელებს და მათ ხომალდს გვიმალავს; ობამამ სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისთვის მსახიობები დაიქირავა, რომ იარაღზე კონტროლი გაემკაცრებინა; შიდსის ვირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ზოგი ვერსიით - ამერიკის დაზვერვამ) დედამიწაზე მოსახლეობის შესამცირებლად შექმნა; ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში 6 მილიონი ებრაელის ამოწყვეტა ებრაელთა ჰეგემონიისთვის გამოგონილი ტყუილია; ყველამ იცის, რომ მსოფლიოს მასონები მართავენ; და ბოლოს, ყველაზე საინტერესო: იცოდით, რომ დედამიწა სინამდვილეში ბრტყელია?
აქედან ერთი, ან რამდენიმე ზღაპრული თეორია აუცილებლად გაგონილი გექნებათ. შეიძლება, ბევრი სხვაც იცით, მათი რაოდენობა ხომ მიმდინარე მოვლენებთან ერთად, განუსაზღვრელად იზრდება. თანაც, ეს მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ახასიათებს.
ადამიანებს თითქმის ყველგან აქვთ მიდრეკილება არასასურველი მოვლენა და სიტუაცია, ხშირად უბრალოდ უცხო, უკონტროლო რამ, მარტივად ახსნან მთავრობის, ან რომელიმე სხვა გავლენიანი ჯგუფის უკანონო ქმედებით, ძლიერი ადამიანების საიდუმლო შეთქმულებით. შეთქმულების თეორიები განსაკუთრებით პოპულარულია ტოტალიტარული და პოსტ-ტოტალიტარული რეჟიმის ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება ტყუილს და პროპაგანდას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აქტიურად მიმართავს, ან მიმართავდა. შესაბამისად, ადამიანებს ნაკლებად სჯერათ სხვადასხვა ტიპის გავლენის მქონე ჯგუფების და გამუდმებით ეძებენ ფარულ ზრახვებს მათი ქმედების, ან მიღებული შედეგების მიღმა.
პენსილვანიის შტატში მდებარე ლიჰაის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ გაერკვიათ, თუ ადამიანთა რომელ ჯგუფს უფრო სჯერა შეთქმულების თეორიების. ახალ ნაშრომში, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, მკვლევარები ყურადღებას ორ ძირითად ფაქტორზე ამახვილებენ.
თურმე, შეთქმულების თეორიების უფრო მეტად სჯერა ადამიანთა ორ ჯგუფს. პირველში ერთიანდებიან ისინი, ვინც გაუცნობიერებლად ცოტა დამფრთხალია, ან შეშინებული მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებებით. მეორეში კი არიან ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ ცოდნას, ექსპერტიზის დონეს პოლიტიკურ საკითხებში.
ჯოზეფ ვიტროილის, კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც ძირეული სოციალური ცვლილებები მიმდინარეობს, გლობალიზაციასთან ერთად, თანდათან იზრდება მოსახლეობის “კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება, ფართოვდება წარსულში მარგინალიზებული ჯგუფების კოლექტიური აქტივობა. ეს ჯგუფები სერიოზულ გამოწვევას უქმნიან სტატუს კვოს და საკანონმდებლო, თუ პოლიტიკურ დისკურსში ცვლილებების დანერგვას ესწრაფვიან”.
ეს ყოველივე საზოგადოებას გარკვეულ უხერხულობას უქმნის. “ხალხის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც წარმატებით სარგებლობდნენ არსებული სოციალური და პოლიტიკური მოწყობით, მოვლენების ამგვარ განვითარებას და მომხდარ ცვლილებებს, საფრთხედ აღიქვამენ და ეს ფაქტორი მას შეთქმულების თეორიების დაჯერებისკენ და მხარდაჭერისკენ უბიძგებს” - აღნიშნავს ჯოზეფ ვიტროილი.
ასეთ დროს ადამიანებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ “მიმდინარეობს შეტევა საზოგადოების ფუნდამენტურ, მის განმსაზღვრელ ღირებულებებზე”. ვიტროილის თქმით, მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებების შიში, ერთნაირად ძლიერი განმსაზღვრელი ფაქტორია როგორც იდეოლოგიური, ასევე იდეოლოგიისგან თავისუფალი შეთქმულების თეორიების.
ნაშრომის მეორე ავტორი ჯესიკა მარში ამბობს, რომ ის ადამიანი, ვინც ზედმეტად აფასებს საკუთარ ცოდნას პოლიტიკაში და თავი პოლიტიკური მოვლენების ექსპერტად წარმოუდგენია, ნაკლებად ინტერესდება ფაქტების გადამოწმებით და ანალიზით. მას ჰგონია, რომ უკვე იცის, რაც მოხდა, ან ეთანხმება იმ მზა ანალიზს, რომელიც მის წარმოსახვას ემთხვევა. ასეთი ადამიანი გაცილებით იოლად იჯერებს, რომ წამყვან მოვლენებში მთავარ როლს ფარული აქტორები ასრულებენ. მათ წარმოსახვაში შემთხვევით არაფერი ხდება, თითქმის ყველაფერს იატაკქვეშა ჯგუფები მართავენ, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიოს მოვლენებზე, პოლიტიკოსთა ქმედებაზე და მიღებულ შედეგებზე.
კვლევის ავტორები მკითხველს მოუწოდებენ, არ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს და სტერეოტიპებს, არამედ ეცადონ მოძებნონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული აზრები. ამასთან, შეეცადონ მრავალფეროვან წყაროებს გაეცნონ და ნაკლებად ისარგებლონ ცალმხრივად იდეოლოგიზირებული და პოლარიზებული საინფორმაციო საშუალებებით.
“გამოიწვიეთ საკუთარი თავი და გაეცანით ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ ემთხვევა თქვენს რწმენას, დასკვნებს და შეხედულებებს… გახსოვდეთ, რომ კომპლექსური მოვლენების გადაჭარბებული, ან ზედმეტად მარტივი ახსნა, შეიძლება არააკურატული იყოს, თუნდაც ეს თქვენს ინტუიციასთან თანხვედრაში მოდიოდეს” - აღნიშნავს ჯოზეფ ვიტროილი.
ნაშრომის დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო გამოცემაში “სოციალური ფსიქოლოგიის ევროპული ჟურნალი” (European Journal of Social Psychology), 12 მაისის ნომერში. მისი სახელწოდებაა “ღრმა ანალიზის ილუზია და შეთქმულების თეორიების მხარდაჭერა”.