ტექნოლოგიების სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ დამდეგი, 2020 წლის მთავარი მოვლენა 5G ტექნოლოგიის, ანუ მეხუთე თაობის უსადენო ქსელის დამკვიდრება იქნება. ბევრი ამ მოვლენას ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციასაც უწოდებს, რადგან ისევე როგორც ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონებმა შეცვალა ადამიანებს შორის კომუნიკაცია, ასევე შეიცვლება ჩვენი სამყარო 5G ტექნოლოგიის დამკვიდრებასთან ერთად.
ამბობენ, რომ შეიქმნება სრულიად ახალი ეკოსისტემა, რომელშიც ყველა ყველაფერთან მუდმივად კავშირში იქნება. ეს შეცვლის ჩვენი ცხოვრების წესს, თუ როგორ ვიმუშავებთ, დავისვენებთ, ვისწავლით, ვიმკურნალებთ, ვიმოგზაურებთ, ან გავერთობით. ამასთან, კავშირი დღევანდელთან შედარებით, იქნება გაცილებით მოცულობითი და სწრაფი, 10-ჯერ, 50-ჯერ, შესაძლოა - 100-ჯერ უფრო სწრაფიც. მოელიან, რომ გაიზრდება 5G ტელეფონების რაოდენობა გაიზრდება და მათი ფასიც დაეცემა.
საქმე მხოლოდ ინტერნეტის 100-ჯერ დიდ სისწრაფეში და ჩამოტვირთვა-ატვირთვის წარმოუდგენელ გაიოლებაში არ არის. 5G ტექნოლოგიის პროპონენტები ამბობენ, რომ კომუნიკაციის სისწრაფე და ხარისხის გაუმჯობესება ყველა დარგს ძლიერ დაეტყობა, მათ შორის, მაგალითად - მედიცინას. განუზომლად განვითარდება ტელემედიცინა, იმდენად, რომ ქირურგებს შეეძლებათ ოპერაცია დისტანციურად გააკეთონ.
შეიცვლება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ტვირთბრუნვა და გადაზიდვის პრინციპები. ქუჩებში ოპერატორებს შეეძლებათ უპილოტო მანქანები მართონ და თუნდაც საჭესთან მძღოლი იჯდეს, მანქანები ერთმანეთთან კავშირს მათ გარეშეც დაამყარებენ. ვარაუდობენ, რომ ეს შეამცირებს ავარიების რაოდენობას.
ე.წ. საგნების ინტერნეტიც მთელი სიმძლავრით მხოლოდ 5G ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ამოქმედდება. გაუმჯობესდება სმართ-სახლებში ტემპერატურის მართვა, თუ სმართ-მაცივრებთან და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებთან სწრაფი კომუნიკაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
მაგრამ...
5G ტექნოლოგიის შემოღებით გამოწვეულ სპეციალისტთა ენთუზიაზმს ჯერჯერობით ასეთივე აღტაცებით არ იზიარებენ რიგითი მომხმარებლები და რიგ შემთხვევებში - არც მათ მიერ არჩეული პოლიტიკოსები. სულ რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის ქალაქ კალამატაში, უარი თქვეს 5G ტექნოლოგიის საპილოტე პროგრამის დანერგვაზე. ქალაქის საბჭო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით მიიღო და კომუნიკაციების ფირმასთან კონტრაქტი გააუქმა.
კალამატაში ფიქრობენ, რომ 5G ტექნოლოგიისთვის აუცილებელი ანტენების დამონტაჟება, ინტენსიურ გამოსხივებას გამოიწვევს, რაც ადამიანთა ჯანმრთელობას, სავარაუდოდ მეტ რისკს შეუქმნის. ვიდრე ის ექსპერიმენტულ ფაზებს არ გაივლის და მისი უსაფრთხოება არ დადასტურდება, „საშიში“ გამოსხივების თავიდან ასარიდებლად, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება - აცხადებენ ქალაქის საბჭოს წევრები.
ქალაქის თავებს არ უხსენებიათ სამეცნიერო აზომვებზე დაფუძნებული ანგარიშები, რომლებიც ამბობს, რომ ახალი ანტენებისგან გამოსხივება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უსაფრთხოების მოსაზრებით დაწესებული ლიმიტები. საბერძნეთის ციფრული მართვის სამინისტრო აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან კონტრაქტი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული ლიმიტების გათვალისწინებით დაიდო. სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე, რომელსაც საბერძნეთის ატომური ენერგიის კომისია აკონტროლებს, დაშვებული ლიმიტების გადაჭარბებას არ ადასტურებს.
კალამატა იშვიათი გამონაკლისი არ არის. მსგავსი შეშფოთება მსოფლიოს არაერთ კუთხეში გამოითქვა. შემოდგომაზე საპროტესტო აქციებმა მოიცვა შვეიცარია, სადაც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბერნში, მოსახლეობამ მეხუთე თაობის ქსელებისთვის საჭირო ანტენების დამონტაჟება გააპროტესტა.
სექტემბერში აქცია გაიმართა, ბერლინშიც. გერმანელი გარემოსდამცველები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და კანონმდებლებს მოუწოდებდნენ, მეტად დაფიქრებულიყვნენ 5G ტექნოლოგიის საფრთხეებზე. მანამდე, გაზაფხულზე, საპილოტე პროგრამა შეჩერდა ბელგიაში. „ბრიუსელის მოსახლეები საცდელი ვირთხები არ არიან, რომელთაც მოგების მიზნით გავყიდით“ - თქვა მაშინ გარემოს დაცვის მინისტრმა სელინ ფრემონტმა.
ამ თემაზე საჩივარი ევროპის კავშირშიც არაერთხელ შევიდა. 2017 და 2018 წლის საჩივრებს 170-ზე მეტი მეცნიერი და ექიმი აწერდა ხელს. ისინი ევროკავშირს აფრთხილებდნენ ჯანდაცვის იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა თან მოჰყვეს 5G ტექნოლოგიის განვითარებას. „5G მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტრომაგნიტური ველების რადიოსიხშირის (RF-EMF) გავლენას, დამატებით უკვე არსებულ 2G, 3G, 4G, ვაი-ფაი და სხვებთან ერთად. დადასტურებულია, რომ RF-EMF საზიანოა ადამიანებისთვის და გარემოსთვის“ - ნათქვამია ერთ-ერთ პირველ საჩივარში.
მსგავსი სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მართალია, იმდენად მასშტაბური არა, როგორც შვეიცარიაში, მაგრამ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები ნოემბერში, მერილენდის შტატში მდებარე მონტგომერის საგრაფოშიც გაიმართა. ქ. ვაშინგტონთან ახლოს მდებარე დასახლებაში, მოსახლეობა მილიონს აჭარბებს. აქაც ახალ, 5G ტექნოლოგიისთვის აუცილებელი ანტენების დამონტაჟებას აპროტესტებდნენ.
საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მთავრობა იძულებული ხდება, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მისცეს უფლება ანტენები საცხოვრებელ სახლებთან გაცილებით უფრო ახლოს დაამონტაჟოს. დღეისთვის, მონტგომერის საგრაფოში ანტენების დაყენება სახლებიდან მინიმუმ 90 მეტრის დაცილებით არის ნებადართული. ახალი, 5G ტექნოლოგიებისთვის კი ეს მანძილი 10-ჯერ, 9 მეტრამდე შემცირდება. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ანტენების დასხივება უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, ცხოველებზე და მცენარეებზე. ისინი გამოსხივების კიბოსთან კავშირზეც საუბრობენ.
მონტგომერის საგრაფო, მერილენდის რამდენიმე სხვა საგრაფოსთან და მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 30 იურიდიულ პირთან ერთად, ახლა შეერთებული შტატების ფედერალურ უწყებას უჩივის - კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას. ამ უკანასკნელმა 2018 წელს განკარგულება გასცა, რომ უსადენო ქსელების საკომუნიკაციო მოწყობილობების აჩქარებული დამონტაჟება მოხდეს, რაც ადგილობრივი მთავრობისგან ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, არსებული რეგულაციების შემცირებას, ან გაუქმებას გულისხმობს.
„იმ დროს, როცა მონტგომერის საგრაფო ნათლად ითვალისწინებს 5G ქსელების მეშვეობით, ტექნოლოგიურად დაწინაურების პერსპექტივას, აუცილებელია, ის ასევე დარწმუნდეს იმაში, რომ მის მოსახლეობას ჯანმრთელობის დამატებითი რისკები არ შეექმნება“ - ნათქვამია საგრაფოს საჩივარში კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მიმართ.
ვინც 5G ტექნოლოგიების რისკებზე საუბრობს, ხშირად მიუთითებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევაზე. მათ შორის ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ ჯერ კიდევ 8 წლის წინ გამოქვეყნდა. მასში სხვადასხვა ქვეყნის 30 მეცნიერი მონაწილეობდა, რომლებიც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში მუშაობდნენ. მათ დაასკვნეს, რომ ელექტრომაგნიტური ველების რადიოსიხშირე (RF-EMF) შესაძლოა ადამიანებისთვის კანცეროგენული იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნით, რადიოსიხშირის გამოსხივება (რომლის ნაწილიცაა მობილური ტელეფონების სიგნალი) „სავარაუდოდ კანცეროგენულია“.
ასევე, არსებობს 2018 წლის ტოქსიკოლოგიის ანგარიში, რომელიც შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოსცა. ანგარიშის მიხედვით, ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მამრ ვირთხებს, რომლებსაც 2 წლის მანძილზე დღეში 9 საათი მობილური ტელეფონის რადიოტალღებით ასხივებდნენ, კიბო განუვითარდათ. იგივე შედეგი არ მიუღიათ მდედრ ვირთხებში.
კიდევ ერთი მაგრამ...
ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, არც ევროკავშირის, ბრიტანეთის, ან ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის უწყებებში არ თვლიან, რომ ან მობილური ტელეფონები, ან 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუცილებელი ანტენები, ადამიანის ჯანდაცვისთვის დამატებით საფრთხეს შეიცავს. ბრიტანეთის მთავრობის გზამკვლევი მობილური ტელეფონების სადგურებთან დაკავშირებით, ამბობს, რომ საჯარო ადგილებში განლაგებულ სადგურებზე რადიოსიხშირის ველები დასაშვებ ნორმაზე გაცილებით დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აცხადებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე მობილური ტელეფონების გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, კომუნიკაციების ფედერალური კომისია აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების რამდენიმე სამთავრობო სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აკვირდება რადიოსიხშირის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ფედერალური ადმინისტრაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღემდე არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ეფექტურად დაადასტურებს მობილური ტელეფონებიდან მომავალი რადიოსიხშირის ენერგიის კავშირს ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემასთან“.
5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო, კომისიამ წელს, დეკემბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ უყარა კენჭი მობილური ტელეფონის უსაფრთხოების სტანდარტებს და მათი გადახედვის საჭიროებას. საბოლოო დასკვნა ასეთია: საკითხის 6-წლიანი შესწავლის შემდეგ, კომუნიკაციების ფედერალური კომისია ამბობს, რომ რადიოსიხშირის არსებული ლიმიტების შეცვლის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ხედავს.