8-ნახევარი წლით პატიმრობა ომის გაპროტესტებისთვის

ყოფილ რუს ტელეჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩენით მიიპყრო, რვანახევარი წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში თავდაპირველი პროტესტისთვის, ოვსიანიკოვა დააჯარიმეს. მან სატელევიზიო ეთერში პლაკატი გაშალა, სადაც ეწერა "შეწყვიტეთ ომი", "ისინი თქვენ გატყუებენ".

მოგვიანებით მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“. ეს უკვე 2022 წლის ივლისში გამოხატულ პროტესტს უკავშირდებოდა, როდესაც ის კრემლის მოპირდაპირე მხარეს მდინარის ნაპირზე იდგა პლაკატით, რომლითაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკვლელს, მის ჯარისკაცებს ფაშისტებს უწოდებდა. პლაკატზე ეწერა: „კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ თქვენ გაჩერდეთ?!"

ასევე ნახეთ: რუსი ტელე-ჟურნალისტის წინააღმდეგ კრიმინალური საქმე დაიწყეს

ერთი წლის წინ, შინაპატიმრობიდან თავის დაღწევის შემდეგ, 45 წლის ოვსიანიკოვა ქალიშვილთან ერთად რუსეთიდან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიქცა. მისი ადვოკატის თანახმად, ოვსიანიკოვას არანაირ საქმეზე პასუხი გასაცემი არ ჰქონდა.

მის წინააღმდეგ საქმე ახალი კანონების საფუძველზე აღიძრა, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ცოტა ხანში მიიღეს და შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაცია“ ან მის შესახებ "ცრუ ინფორმაციის გავრცელება" სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა.

განაჩენის გამოცხადების დღეს ოვსიანიკოვამ „ტელეგრამზე“ განცხადება გამოაქვეყნა და ბრალდებებს „აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

„რათქმა უნდა, დანაშაულს არ ვაღიარებ და არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს“, - დაწერა ოვსიანიკოვამ.