საფრანგეთის პროფკავშირებმა გადაწყვიტეს, რომ საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 5 აპრილს მას შემდეგ მიიღეს, რაც პროფკავშირების ლიდერები პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნს შეხვნენ.
მთავრობის მიერ ძალზე არაპოპულარული საპენსიო რეფორმის გატარების სურვილის გამო, საფრანგეთში ვითარება ჩიხში შევიდა. პარიზი თვლის, რომ საბიუჯეტო პრობლემების გამო, დასაქმებულთა უმეტესობისთვის, აუცილებელია საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64-მდე გაზრდა. პროფკავშირების ლიდერები გეგმას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ბიუჯეტის დანაკლისისთვის თანხების მოძიება სხვა გზებითაც არის შესაძლებელი.
ასევე ნახეთ: საპენსიო რეფორმა საფრანგეთში მასშტაბური პროტესტის მიზეზი გახდაგაფიცვები, საპროტესტო აქციები და მსვლელობები რამდენიმე კვირაა გრძელდება და პერიოდულად ძალადობრივ ხასიათს იღებს. დღევანდელი მოლაპარაკება საფრანგეთის მთავრობასა და პროფკავშირების ლიდერებს შორის ამ დრომდე ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში კანონპროექტის წინაარმდეგ გამოსვლები დაიწყო.
შეხვედრიდან გამოსულმა საფრანგეთის პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ერთსაათიანი მოლაპარაკება უშედეგო იყო. "გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ეს უაზრო შეხვედრა... პრემიერ-მინისტრმა არჩია, ისევ უკან, ქუჩებში დაგვაბრუნოს", - თქვა სოფი ბენეტმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი პროფკავშირის ლიდერმა.
აქტივისტები შემდგომი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მაგრამ, პარალელურად იმასაც ამბობენ, რომ საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მათი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ, გასულ თვეში რეფორმა ისე გაეტარებინა, რომ პარლამენტში საბოლოო კენჭისყრას არ დალოდებოდა, მთავრობას და პროფკავშირებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა.
საქმეს ახლა საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს. მის საბოლოო ვერდიქტს 14 აპრილს ელოდებიან. საბჭოს აქვს უფლება, კანონპროექტი უკან გაიწვიოს ან ის ნაწილობრივ შეცვალოს, თუკი დაადგენს, რომ ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.