საფრანგეთში ულტრამემარჯვენე "ეროვნული მოძრაობის" მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რომ პარტიამ არჩევნების მეორე რაუნდში რაც შეიძლება ნაკლები ხმა მოიპოვოს. უფრო და უფრო მეტი კანდიდატი ხსნის კანდიდატურას იმისთვის, რომ მემარჯვენეების მოწინააღმდეგეთა ხმები არ გაიყოს და არ გაიფანტოს.
საფრანგეთის პარლამენტის 577 მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლაზე უარი უკვე 200-ზე მეტმა კანდიდატმა თქვა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მარინ ლე პენის "ეროვნული მოძრაობა" პრეზიდენტ მაკრონის მიერ დანიშნულ ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში კვირას გამართული კენჭისყრის შემდეგ დაწინაურდა. პრეზიდენტის ცენტრისტული ბანაკი ხმათა რაოდენობით მესამე ადგილზეა - ლე პენის მემარჯვენეებისა და ნაჩქარევად შექმნილი მემარცხენე ალიანსის შემდეგ.
ასევე ნახეთ: ფრანგული პარტიები ანტი-ულტრამემარჯვენე ფრონტის შექმნას ცდილობენთუმცა, ამ პოლიტიკური მანევრების დაწყებამდეც, რომელსაც "რესპუბლიკური ფრონტის" შექმნის მცდელობად მოიხსენიებენ, მაინც ჯერ გაურკვეველი იყო, რამდენად შეძლებდა ევროსკეპტიკურად განწყობილი მოძრაობა უმრავლესობის დასაკომპლექტებლად საჭირო 289 მანდატის მოპოვებას.
მაგრამ, გამოკითხვების თანახმად, ლე პენის მემარჯვენეებმა შესაძლოა 250-იდან 300-მდე მანდატიც კი მოპოვონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გათვლები მანამდე კეთდებოდა, ვიდრე მათ საწინააღმდეგოდ პოლიტიკური ცვლილებები დაიწყებოდა და კანდიდატები მარათონს გამოეთიშებოდნენ. სხვადასხვა პარტია თავის ამომრჩევლებს მოუწოდებს ნებისმიერ კანდიდატს მისცენ ხმა, ვისაც "ეროვნული მოძრაობის" კანდიდატის დამარცხების მეტი საშუალება ექნება.
"ეროვნული მოძრაობა" ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას და შესაძლოა ბლოკის დაფინანებაზეც კი თქვას უარი. ადამიანის უფლებათა დამცველები მიუთითებენ მის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაზე და სხვა მიდგომებზე, რომელმაც ასევე შესაძლოა დააზარალოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც.