ჯიჰადი ონლაინ და წარუმატებელი დე-რადიკალიზაცია ევროპაში

მაშინ, როდესაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები სირიასა და ერაყში სუსტდება, ევროპელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი რადიკალიზაციის საფრთხე და ექსტრემისტული მოწოდებების ონლაინ გავრცელების მეთოდები საკმარისად შესწავლილი არ არის, შესაბამისად ვერც ევროპული სახელმწიფოები ახერხებენ მასთან სათანადოდ გამკლავებას. ამ ყველაფრის ფონზე კი ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ შესაძლოა ევროპის მოქალაქეთა რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის საკითხი ახლა ისეთი მწვავე იყოს, როგორც არასდროს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების მიერ აზიაში ფიზიკური ტერიტორიების დაკარგვის კვალდაკვალ გაიზარდოს ევროპულ სახელმწიფოებში ისეთი თავდასხმების რიცხვი, რომელთა მოწყობაც ერთ ექსტრემისტსაც კი შეუძლია.

მას შემდეგ, რაც სირიელმა ქურთებმა, რომელთაც ამერიკა უჭერს მხარს, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დეფაქტო დედაქალაქ რაქას დასაბრუნებლად უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, ეს საკითხი კიდევ უფრო რელევანტური და აქტუალური გახდა. საფრანგეთისა და ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე სერიოზული ფიზიკური მარცხის გამოც კი, უახლოეს მომავალში ევროპულ სახელმწიფოებში თავდასხმები და მკვლელობები არ შეწყდება.

ანალიტიკოსების ნაწილი მეტსაც ამბობს, ისინი ფიქრობენ, რომ ფიზიკურმა მარცხმა უშუალოდ დაკავებულ ტერიტორიებზე შეიძლება საპირისპირო შედეგები გამოიწვიოს ევროპისთვის. რადგან ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ პოზიციების დაცვა უშუალო „მეტოქეებთანაც“ სჭირდება, როგორიცაა მაგალითად ასევე ტერორისული ორგანიზაცია ალ-ქაიდა. ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანი გახდება ვინ უფრო მეტჯერ დაარტყამს ევროპულ ქვეყნებს და „ისლამური სახელმწიფო“ ეცდება ამ მხრივ რელევანტური დარჩეს.

გასულ თვეში ე.წ. ისლამური ხალიფატის ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა 11-თვიანი საჯარო დუმილი და გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც შეერთებულ შტატებს დასცინის და ჯიჰადისტებს მოუწოდებს სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გაილაშქრონ. ცდილობს ხაზი გაუსვას იმას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არსებობს და ის ისევ ძლიერია. მისი მთავარი გზავნილი კი იმ შინაარსის მსგავსი იყო, რომლის გავრცელებასაც დაჯგუფების პროპაგანდაზე პასუხისმგებელი აბუ მოჰამედ ალ-ადნანი ამბობს ხოლმე, რომ ტერიტორიების ფლობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ბრძოლის სურვილია. ალ-ბაღდადმა ასევე სიხარულით აღნიშნა ის, რომ დასავლეთზე ექსტრემისტების თავდასხმები წარმატებულია: „ამერიკა, ევროპა და რუსეთი ცხოვრობენ ტერორის მდგომარეობაში“, - თქვა მან.

აგვისტოში, "ისლამური სახელმწიფოს" ერაყის ქალაქ მოსულიდან განდევნის შემდეგ და მას მერე, რაც ქურთების უმრავლესობით შემდგარმა შეიარაღებულმა ძალებმა რაქას შეუტიეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

საფრნგეთისა და ბელგიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაჯგუფება სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდს იყენებს და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ შემცირდეს ჯგუფის „ვირტუალური ნაკვალევი“, ისინი ჯერ კიდევ ახერხებენ პროპაგანდის გავრცელებას, რომელსაც ძალიან ეფექტურად იყენებენ მიმდევრების მობილიზებისთვის, ახალი იდეების მოსინჯვისთვის და იმ ნარატივის ფორმულირებისთვის, რაც კონკრეტულ პერიოდში ტაქტიკურად მნიშვნელოვანია.

მკვლევარი შარლი უინტერი ამბობს, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" მედია ომი ყოველთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ფიზიკური გამარჯვებები სირიასა და ერაყში.
„ახლა კი პროპაგანდა და მისი გავრცელება კიდევ უფრო მნიშვნელოვნადაა მიჩნეული, ვიდრე სამხედრო ჯიჰადი“ - ამბობს „რადიკალიზაციისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტი შარლი უინტერი და ასევე განმარტავს, რომ საინფორმაციო ომი ისლამისტ ექსტრემისტებთან ახლა განსაკუთრებით საყურადღებო და ფრთხილად შესასწავლია. რადგან ფიზიკური ტერიტორიების უდიდესი ნაწილის დაკარგვის მიუხედავად, ტერორისტულ დაჯგუფებას მაინც შეუძლია ონლაინ საინფორმაციო საშუალებებითა და სოციალური მედიით რეკრუტირება, მოწოდებების გავრცელება. უინტერი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამ ომთან დასაპირისპირებლად სათანადო სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ევროპაში რადიკალიზაციასთან ბრძოლის გამოწვევებს.

2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტიდან 16 წლის შემდეგაც, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები კვლავ არ იცნობენ ზუსტად რადიკალიზაციის დინამიკას და კვლავ არასათანადო ყურადღება ეთმობა იმის შესწავლას, თუ რა გზას გადიან რადიკალი ჯიჰადისტები მანამ, სანამ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მსხვერპლიან ავდასხმებს მოაწყობენ.

სოციოლოგი ფარჰად ხოსროხავარი ამბობს, რომ რადიკალიზაცია ამ სახელმწიფოებში ჯერაც არაა სათანადო დონეზე აყვანილი და მიჩნეული როგორც წმინდად ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და გამოწვევა, დარომ მთავრობები სტიგმატიზაციის, სოციალური გარიყულობისა და დანაშაულის ხანგრძლივ ეფექტებს ჯერაც ვერ იკვლევენ სათანადოდ და საკმარისად.

როგორ იქმნება ინტერნეტში და განსაკუთრებით კი სოციალური მედიის დახურულ ჯგუფებში „უარყოფითი გმირის“ კულტი და როგორ ფორმირდება ჯიჰადისტების ექსტრემისტული მოსაზრებები - „ტერორის ანატომიის“ შესასწავლად მკვლევარს სწორედ ამ კითხვებზე პასუხების პოვნა მიაჩნია მნიშვნელოვნად.

თუმცა რადიკალიზაციის გააზრების და მასთან ბრძოლის პროცესი ხშირად პოლიტიკური დისკუსიების საგანიც ხდება.

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა თქვა, რომ დაიღალა ჯიჰადის "სოციალური, სოციოლოგიური თუ კულტურული ფაქტორებით ახსნის" მოსმენით და რომ ჯიჰადის ახსნის მცდელობა თავადაა მისი გამართლება.

საფრანგეთში 2015 წლის შემდეგ სხვადასხვა თავდასხმის შედეგად 240 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი ისლამისტი ექსტრემისტი დაპატიმრებულია, დაახლოებით 6 000 მილიტარისტი კი პოლიციის მუდმივი თვალთვალის ობიექტია, მათ გარდა კი კიდევ 17 000 სხვა პირი აღიარებულია, როგორც "პოტენციური საფრთხე".

ბელგიაში ეს მონაცემები არც ისე მაღალია, მაგრამ ეს პატარა ქვეყანა მნიშვნელოვანი მაგალითია, როდესაც ევროპაში ჯიჰადის საფრთხეებზე ვსაუბრობთ: ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ბელგიაში უფრო მეტი ისლამისტი ჯიჰადისტი შეუერთდა "ისლამური სახელმწიფოს" ან სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, ვიდრე რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში.

თუმცა ბელგიასა და საფრანგეთშიც ახლა დერადიკალიზაციის პროგრამები მიმდინარეობს. ბევრის შეფასებით ეს პროგრამები არც ისე წარმატებულია. საფრანგეთმა დერადიკალიზაციის პროგრამები სულ რაღაც ორი წლის წინ დაიწყო იმ ახალგაზრდების რადიკალიზაციის პრევენციისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ ექსტრემისტების გავლენის ქვეშ. თუმცა ეს პროცესი სხვა ევროპულ ქვეყნებში ბევრად ადრე დაიწყო. მაგრამ ინიციატივა, რომ ქვეყნის 13-ივე რეგიონში დერადიკალიზაციის ცენტრები გახსნილიყო ახლა დროებით შეჩერებულია. მას შემდეგ ერთი ასეთი ექსპერიმენტული ცენტრი დაიხურა.