ევროპის მთავრობები ცდილობენ უსაფრთხოების ახალი ზომების შემოღებას. ამის შემდეგ, ექსტრემისტებისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მანქანების, დანების და სხვა ტიპის იარაღის გამოყენება რთული უნდა გახდეს ქალაქის ცენტრებსა და ტურისტული დანიშნულების ადგილებში.
თუმცა მიმომხილველები საუბრობენ, რომ ევროპული ქალაქების მუნიციპალიტეტებს არ სურთ „ისრაელის ტიპის“ უსაფრთხოების ზომების შემოღება დანახარჯების და ესთეტური მხარის გათვალისწინებით.
„ჩვენ ვერ გავავსებთ ბარსელონას ბოძებით“, ამბობს ხოაკინ ფორნი, რომელსაც კატალონიის შიდა საქმეების დეპარტამენტი აბარია. თუმცა ნელ-ნელა, თავდასხმებთან ერთად, ბოძების და ბარიერების მწარმოებლები საუბრობენ იმაზე, რომ მოთხოვნა მათ პროდუქციაზე იზრდება. ზოგიერთი ქალაქი, მაგალითად, ბირმინჰემი წყალსა და ხეებს იყენებს თავდაცვის გასაძლიერებლად.
წელს ევროპაში, მანქანის გამოყენებით უკვე თორმეტი თავდასხმა მოხდა.
ბრიტანეთში, პარლამენტის შენობაზე მდინარის მხრიდან თავდასხმის გამოსარიცხად ბარიერის დადგმა გახდა აქტუალური. ეს განსაკუთრებით იმ კვლევის შემდეგ, რომელმაც ექსტრემისტების მხრიდან მდინარის გავლით თავდასხმის შესაძლებლობაზე მიუთითა.
ვესტმინსტერის სასახლის სპიკერის განცხადებით, ისინი უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობენ.
„ჩვენ ვმუშაობთ პოლიციასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და სხვებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების ზომები ეფექტურია“, - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში.
„ნოთინგ-ჰილის“ კარნავალის დღეებში გასულ შაბათ-კვირას ქუჩებში ბეტონის და მეტალის ბარიერები აღმართეს. კარნავალს მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო სამი დღის განმავლობაში. მათ პოლიციის 8000 პატრული იცავდა. კარნავალის დაწყებამდე 24 საათით ადრე, ბუკინჰემის სასახლის წინ ფურგონი პოლიციას შეეჯახა და შემდეგ მათკენ ხანჯლით გაიწია.
რაც შეეხება ევროპის სხვა ქალაქებს, რომში ღირსშესანიშნაობების ირგვლივ, ადგილობრივმა თვითმართველობამ ბარიერები აღმართა, რათა თავიდან აიცილოს ხალხმრავალ ადგილებში მანქანის შევარდნა. თუმცა, მუნიციპალური ცენტრების მცხოვრებლები და პოლიტიკოსები მსგავსი ბარიკადების აგებას ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად იმისა, რომ იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ჯერ ჯიჰადისტურ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, ადგილობრივი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია და საჭიროა მომზადება. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უკვე რამდენჯერმე დაიმუქრა იტალიის დედაქალაქზე, მათ შორის ვატიკანზე თავდასხმით.
შაბათს, რომის პაპ ფრანცისკეს მრჩეველმა განცხადება გააკეთა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე. ეს უკანასკნელი ე.წ.„მარტოხელა მგლებს“ ვატიკანზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა. და მაინც, იტალიელი კარდინალის პიეტრო პაროლინის თქმით, ვიდეოს საპასუხოდ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ვატიკანში არ იგეგმება.
„ჩვენ არ გაგვიმკაცრებია უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან კონტროლის მექანიზმები უკვე ძალიან მაღალ დონეზეა“, - განაცხადა პალომა გარსია ოვეხერომ, პაპის პრესსპიკერის მოადგილემ. „წმინდა პეტრეს მოედანზე უსაფრთხოების დაცვა, გამომდინარე იქიდან, რომ იქ პილიგრიმები, ტურისტები იკრიბებიან, ყოველთვის ძალიან გამკაცრებულია“, - დაამატა მან.
უსაფრთხოების ზომები ვატიკანში გასულ წელს პარიზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამკაცრდა. ეკლესიის ტეროტორიას ახლა შვეიცარიული გვარდია იცავს.
შვეიცარიელ მცველებს აბარიათ პაპის უსაფრთხოებაც. მათ ცოტა ხნის წინ გადამზადების პროგრამა გაიარეს შვეიცარიის იტალიურად მოსაუბრე ქალაქ ტიცინოში. გასულ კვირას, გვარდიის მეთაურმა კრისტოფ გრაფმა აღნიშნა, რომ ექსტრემისტების თავდასხმა რომზე „მხოლოდ დროის ამბავი შესაძლოა იყოს.“
ორშაბათს იტალიამ კიდევ ერთი მაროკოელის დეპორტაცია მოახდინა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხოების სიტუაციას რისკს უქმნიდა. ეს ამ თვეში მესამე მაროკოელია, რომლის დეპორტაციაც მოხდა.
Facebook Forum