“ფრიდომ ჰაუსი”: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

თავისუფლებების კლების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება. ყოველწლიური ანგარიშის “თავისუფლება მსოფლიოში 2017” მიხედვით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 100 შესაძლებლიდან 64-ია. ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველოს იგივე ქულა ჰქონდა მინიჭებული გასულ წელსაც.

გლობალური თავისუფლებების მხრივ, მდგომარეობა მთელ მსოფლიოში უკვე 11 წელია ზედიზედ უარესდება - აცხადებს ორგანიზაცია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოპულისტური და ნაციონალისტური ძალები ძლიერდებიან. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც, ანგარიშის მიხედვით, თავისუფალი სახელმწიფოების კატეგორიაში არიან, უკანდახევაა პოლიტიკური უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებების, ან - ორივე მიმართულებით. მათ შორის არიან: ბრაზილია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ტუნისი და მრავალი სხვა.

195 სახელმწიფოს შორის მხოლოდ 87 (45%) შეფასდა, როგორც თავისუფალი. 59 ქვეყანა (30%) ნახევრად თავისუფალთა სიაში მოხვდა. 49 (25%) სახელმწიფოს კი “ფრიდომ ჰაუსი” თავისუფლად არ მიიჩნევს.