მაკრონს სურს აბორტის უფლება ევროკავშირის დონეზე უზრუნველყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოსვლის დროს. პარიზი, საფრანგეთი. 8 მარტი, 2024 წ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, ევროპის კავშირმა აბორტის უფლების გარანტია ფუნდამენტური უფლებების ქარტიით უზრუნველყოს. განცხადება ემანუელ მაკრონმა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს გააკეთა.

ასევე ნახეთ: ამერიკაში აბორტის ტაბლეტების გაყიდვა აფთიაქებში დაუშვეს

მაკრონმა ქალებს პარიზში იმ ადგილიდან მიმართა, სადაც იუსტიციის მინისტრმა ერიკ დიუპონ-მორეტიმ აბორტის უფლება პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საფრანგეთის კონსტიტუციაში დააკანონა. "დღეს არა ამბის დასასრულის, არამედ ბრძოლის დაწყების დღეა" - თქვა მაკრონმა 8 მარტს.

"ამ ბრძოლას ჩვენს კონტინენტზე გავუძღვებით, ჩვენს ვროპაში, სადაც რეაქციული ძალები ქალთა უფლებებს მანამ უტევენ, ვიდრე ისინი უმცირესობათა უფლებებს დაესხმებიან თავს", - განუცხადა მან იუსტიციის სამინისტროს წინ გამართულ ცერემონიაზე დამსწრეთ და დასძინა: „ამიტომაც მსურს აბორტის გარანტირებული თავისუფლება აისახოს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში".

თუმცა, ევროკავშირის ქარტიის შეცვლა რთული საკითხი იქნება, რადგან ეს ნაბიჯი ბლოკის სახელმწიფოთა სრულ ერთსულოვნებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესმა ნაწილმა აბორტი უკვე დააკანონა, ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვებს უწესებს ქალებს, რომლებიც ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას. აბორტის უფლებების საკითხზე მთელ რიგ სახელმწიფოებში ღრმა განხეთქილება გრძელდება.

Your browser doesn’t support HTML5

აბორტის უფლება - რა გავლენა ექნება უზენაესის გადაწყვეტილებას შუალედურ არჩევნებზე?