ქვეყნდება ნიცის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა, ის ტუნისელია

ცნობილი გახდა ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც ხუთშაბათს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში შეიჭრა და სამი ადამიანი მოკლა. ანტიტერორისტული პროკურორების უფროსის ჟან-ფრანკო რიკარდის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილია 1999 წელს ტუნისში დაბადებული მამაკაცი.

ეჭვმიტანილი ევროპაში, კერძოდ - იტალიაში, 20 სექტემბერს, კუნძულ ლამპედუზაში, ნავით ჩავიდა. აღნიშნული კუნძული აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებისთვის, ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ითვლება. ტუნისის უსაფრთხოების და საფრანგეთის პოლიციის ცნობით, მისი სახელია ბრაჰიმ აუისაუი. ის საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ: საფრანგეთის ეკლესიაში სამი ადამიანი მოკლეს

ნიცაში ეჭვმიტანილი მატარებლით ხუთშაბათს დილით ჩავიდა, ეკლესიაში მივიდა, სასიკვდილოდ დაჭრა 55 წლის სასულიერო პირი, თავი მოჰკვეთა 60 წლის ქალს და ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი, 44 წლის ქალი მოკლა. თავდასხმის მომენტში და მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ დაჭრა, ეჭვმიტანილი ყვიროდა: "ალაჰ აქბარ", რაც არაბულად ნიშნავს - ღმერთი დიადია.

ნიცის ინციდენტამდე სულ ორი კვირით ადრე, 16 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენმა მოკლა სკოლის მასწავლებელი სემუილ პატი. ის გაკვეთილს სიტყვის თავისუფლებაზე ატარებდა და მიმდინარე საუბრის დროს, მოსწავლეებს აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს" კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე.

ასევე ნახეთ: "წვეულებებისა და თავყრილობების დრო არ არის" - მაკრონი

ნიცაში იმ დღესვე ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, საფრანგეთზე მორიგი ისლამისტური თავდასხმა განხორციელდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფრანგული სკოლების, ტაძრების და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტების დასაცავად, ქვეყანაში დამატებით ათასამდე ჯარისკაცი განლაგდება. საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა.

თავდასხმის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის ხალხს თანაგრძნობა და თანადგომა გამოუცხადა. "ამერიკა ამ ბრძოლაში თავისი უძველესი მოკავშირის გვერდში დგას. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ეს რადიკალური ისლამისტური ტერორისტული იერიშები. არცერთი ქვეყანა, საფრანგეთი იქნება ეს თუ სხვა, დიდ ხანს ამას არ მოითმენს" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".