საფრანგეთის მოსახლეობის ერთი მესამედისთვის ოთხშაბათიდან ღამით გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს. საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეს ღონისძიებები კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის შესაჩერებლადაა აუცილებელი. ემანუელ მაკრონის თქმით, ახლა მეგობრებთან შეხვედრის და თავყრილობების დრო არ არის.
ვირუსი ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა და ეს სწორედ წვეულებებს და კერძო თავყრილობებს უკავშირდებოდა. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი შემზღუდავი ზომების მიღება როგორც პარიზისთვის, ისე საფრანგეთის 8 დიდი ქალაქისთვის. ამასთან, საავადმყოფოები გადატვირთვის საფრთხის წინაშე დგას, რადგან რეანიმაციების დატვირთვა 30 პროცენტს გადასცდა.
მაკრონის თქმით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა სწორედ ამ წვეულებების დროებით შესაზღუდადაა განკუთვნილი, რათა 50-60 ადამიანი ერთად არ შეიკრიბოს და ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.
გადაადგილების შეზღუდვა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა და ის შაბათიდან ამოქმედდება. მოქალაქეებს საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე ქუჩაში გასვლის უფლება არ ექნებათ. ეს შეზღუდვა ამ ეტაპზე მხოლოდ 4 კვირით უნდა გაგრძელდეს, თუმცა მთავრობამ შესაძლოა პარლამენტს კიდევ 2 კვირით გახანგრძლივება სთხოვოს. რაც ნიშნავს, რომ ამგვარი მდგომარეობა საფრანგეთში 1 დეკემბრამდე გასტანს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეზრუდვა არ შეეხება, გაგრძელდება რეგიონებს შორის მიმოსვლაც. ღამით გადაადგილებისთვის კი მოქალაქეს 135 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ოთხშაბათს საფრანგეთში 22 591 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მესამე დღე იყო, რაც დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს გადააჭარბა. ვირუსმა ქვეყანაში უკვე 32 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მაკრონის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 ათასამდე მაინც შეამციროს.
შეზღუდვებს ამკაცრებს დიდი ბრიტანეთიც. ლონდონი ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამსაფეხურიანი სისტემის თანახმად, "საშუალო რისკის" კატეგორიიდან უკვე "მაღალი რისკის" კატეგორიაში გადავიდა და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა პარლამენტს აცნობა, რომ უფრო სერიოზული სოციალური შეზღუდვების დაწესებაა აუცილებელი.
Facebook Forum