სამშაბათს, ოთხმა ამერიკელმა პოლიციელმა კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს მისცა ემოციური, დეტალური ჩვენება იმაზე, თუ 6 იანვარს, იმ დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა განრისხებული ბრბო როგორ შეიჭრა კაპიტოლიუმში უშედეგო მცდელობით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატი ჯო ბაიდენის სერტიფიცირება დაებლოკათ.
ასევე ნახეთ: 6 იანვრის მოვლენები და პასუხგაუცემელი კითხვები
კაპიტოლიუმის პოლიციის ორმა და ქალაქ ვაშინგტონის პოლიციის ორმა ოფიცერმა თქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის საფრთხის შიში ჰქონდათ, როდესაც არეულობის დაახლოებით 800 მონაწილემ სამართალდამცავთა ხაზი გაარღვია და ოფიცრებს რასობრივი და პოლიტიკური ხასიათის ღვარძლიანი ეპითეტებით მიმართავდნენ. თავდამსხმელებმა პოლიციელებთან ხელჩართული ბრძოლა გამართეს, ქიმიურ გამაღიზიანებელ ნივთიერებებს აფრქვევდნენ და მათ ფარებს და იარაღს იტაცებდნენ.
სამ საათნახევრიანი მოსმენის დროს, კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერმა აქილინო გონელმა თქვა: “ხელჩართული ბრძოლა გვქონდა ყოველი სანტიმეტრისთვის, რათა კაპიტოლიუმში მოძალადე ბრბოს შეჭრა არ დაგვეშვა, რომელსაც ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა სურდა.”
გონელმა თქვა, რომ ერთ მომენტში ის ბრბომ მიაჭყლიტა. “ვიფიქრე, რომ ასე ვკვდებოდი”, თქვა გონელმა.
ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერმა მაიკლ ფენონმა კანონმდებლებს უთხრა: “ხელი მტაცეს, მცემეს, ჩემს მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს. ვიყავი იმის საშიშროების ქვეშ, რომ წაერთმიათ და ჩემივე იარაღით მოვეკალი.”
ოფიცერმა დენიელ ჰოჯესმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის კარსა და ჩარჩოს შორის მოჰყვა, თქვა რომ ერთმა თავდამსხმელმა მას დაუყვირა: “მუხლებზე დაჩოქილი მოკვდები”. მან თქვა, რომ პოლიციამ პროტესტის მონაწილეების დიდი ტალღის შემოდინების გამო საკუთარი მწკრივის შენარჩუნება ვერ შეძლო.
კაპიტოლიუმის შავკანიანმა პოლიციელმა ჰარი დანმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებთან სიტყვიერი შეხლა შემოხლის დროს აღიარა, რომ ხმა ბაიდენს მისცა, რასობრივი ხასიათის ეპითეტების ტალღა მიიღო.
შესაძლოა მომავალ კვირებში,საგამოძიებო კომიტეტმა, რომელშიც რესპუბლიკელი კანონმდებლები არ მონაწილეობენ, სავალდებულო გამოცხადების უწყებები ბევრ მოწმეს გაუგზავნოს, რათა მისცენ ჩვენება, თუ დაპირისპირების შესახებ წინასწარ რა იცოდნენ.