პენტაგონმა ორი თვით გაახანგრძლივა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 2 300 ჯარისკაცის დისლოცირების ბრძანება, რომლებსაც შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის დაცვა ევალებათ.
ამ დრომდე კაპიტოლიუმს 5 200 ჯარისკაცი იცავდა. ახალი ბრძანება მათ რაოდენობას თითქმის ანახევრებს.
ეროვნული გვარდია ვაშინგტონის ქუჩებში 6 იანვრის შემდეგ რჩება. ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს დაცვა გვარდიას დაევალა. ჯარისკაცებთან ერთად, ქალაქში ამ დრომდე მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა და აღმართულია უსაფრთხოების ღობეები.
„ეს გადაწყვეტილება მოთხოვნის საგულდაგულო შესწავლის და მისი პოტენციური შედეგების გათვალისწინების შემდეგ იქნა მიღებული“, ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პენტაგონი ასევე ამბობს, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვაშინგტონის ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს იმ მიზნით, რომ „სათანადო პირობების“ გაჩენის შემთხვევაში ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდეს.
Facebook Forum