ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 იანვრის საკითხზე მოსმენების დაწყებასთან ერთად პოლიტიკური დაყოფა ღრმავდება


სამშაბათს, წარმომადგენელთა პალატის საგანგებო კომიტეტს, რომელიც 6 იანვრის თავდასხმის გამოძიებას აწარმოებს, პირველ ჩვენებებს კაპიტოლიუმის სამართალდამცავი ოფიცრები აძლევენ.

კომიტეტის არსებობამ და მის წევრთა შემადგენლობამ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის პოლიტიკური დაყოფა გააღრმავა.

თავდაპირველად, დემოკრატებს სურდათ ისეთივე დამოუკიდებელი კომისია, როგორიც 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის გამოსაძიებლად შეიქმნა და მისი დასკვნები ფართოდ იქნა აღიარებული. კომისიაში რესპუბლიკელების და დემოკრატების თანაბარი რაოდენობა უნდა ყოფილიყო. კომისიას დასკვნის დადების საბოლოო ვადა წლის ბოლოს ამოეწურებოდა. ასეთ კომისიას ორივე პალატა დაამტკიცებდა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონად იქცეოდა და სავარაუდოდ, მას უფრო ყოვლისმომცველი უფლებამოსილება ექნებოდა.

მაისის ბოლოს, სენატის რესპუბლიკელებმა ამ საკითხზე კენჭისყრა დაბლოკეს და კომისია ვერ შეიქმნა. ივნისის ბოლოს, დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი საგანგებო კომიტეტის შექმნის წინადადებით გამოვიდა. რესპუბლიკელებმა დემოკრატებს ბრალი დასდეს, რომ მათ წინასწარ გათვლილი შედეგის მიღება სურთ. ახალი კომიტეტის შექმნას მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი.

კომიტეტის 13 წევრიდან 8, პელოსის უნდა დაენიშნა და მან 7 დემოკრატი და თავისი პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენებული რესპუბლიკელი ლიზ ჩეინი დანიშნა. უმცირესობის ლიდერ კევინ მაკარტის კომიტეტის 5 წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდა, მაგრამ პელოსიმ 2 მათგანი უარყო, ოჰაიოს წარმომადგენელი ჯიმ ჯორდანი და ინდიანის წარმომადგენელი ჯიმ ბენქსი. ბენქსმა თქვა, რომ კომიტეტში თავის თანამდებობას, გასულ ზაფხულში რასობრივი სამართლიანობის პროტესტების გამოსაძიებლად გამოიყენებდა.

მაკარტიმ თქვა, რომ “პელოსიმ გაყალბებული პროცესი შექმნა. თუ პელოსი კურსს არ შეიცვლის და ხუთივე რესპუბლიკელს თანამდებობაზე არ დანიშნავს, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ.”

ორშაბათს, პელოსიმ კომიტეტში მეორე რესპუბლიკელი, ადამ კინზინგერი დანიშნა. ის და ჩეინი იყვნენ მხოლოდ ორი რესპუბლიკელი, რომლებმაც დემოკრატებთან ერთად კომიტეტის შექმნას ხმა მისცეს. მაკარტიმ მათ “პელოსის რესპუბლიკელები” უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG