პოლონეთის ქალაქ ბიტომში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება შესულია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები.
ადგილობრივმა მედიამ, ქალაქ ბიტომის პარკში არსებულ აუზზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გაავრცელა. მოგვიანებით, ქალაქის მერიამ, საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა.
ბიტომის მერიის თანახმად, ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგოს დედისგან. გოგომ დედას უამბო, რომ მას დაახლოებით 50 წლის მამაკაცი ავიწროებდა. მსგავსი შეტყობინება მიიღო აუზის დაცვის სამსახურმა ორი ბიჭისგანაც.
აუზის დაცვის თანამშრომლებმა მამაკაცი და მისი თანმხლები სამი ადამიანი დააკავეს და პოლიციას შეატყობინეს.
ბიტომის მერიის განცხადებით, მამაკაცების დაკავების შემდეგ, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა, მომხდარის გასაპროტესტებლად ხალხის დიდი რაოდენობა შეგროვდა. ისინი ეჭვმიტანილების დასჯას მოითხოვდნენ. პოლიციას მათთან გასამკლავებლად ფარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. 18 დან 55 წლამდე ასაკის ოთხივე დაკავებული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა.
პოლიციამ ვიდეოჩანაწერები ამოიღო და გამოძიება მიმდინარეობს.
პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალს დღეს, 17 ივლისს, წარუდგენენ.