"სიმართლე" - ტრამპი ახალ სოციალურ ქსელს ქმნის

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ახალი სოციალური პლატფორმის წარდგენას აპირებს. აპლიკაცია სახელად "სიმართლე" (TRUTH) ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" მსგავს ტექნოლოგიურ გიგანტებს "წინ აღუდგება". ამ ორ სოციალურ პლატფორმაზე დონალდ ტრამპი დაბლოკლია.

ახალ პლატფორმას "ტრამპ მედიისა" და "ტექნოლოჯი გრუპის" შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კომპანია შექმნის.

ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე, კონგრესი ბენონისთვის ბრალის წაყენებას განიხილავს

"ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც თალიბანი ფართოდაა წარმოდგენილი "ტვიტერზე", ჩვენს ფავორიტ ამერიკელ პრეზიდენტს კი ხმა აქვს წართმეული. ეს მიუღებელია", - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი მის მიერვე გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. "მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე გამოვაქვეყნებ ჩემს პირველ სიმართლეს TRUTH Social-ზე. მალე დავიწყებ ჩემი მოსაზრებების გამოქვეყნებას და ტექნოგიგანტების წინააღმდეგ ბრძოლას".

სოციალური ქსელის სატესტო ვერსია მომავალ თვეში უნდა ჩაეშვას. სრული ფუნქციონიერება კი, კომპანიის გეგმით 2022 წლის პირველ კვარტალში იქნება შესაძლებელი. გავრცელებული ცნობებით, ასევე იქმნება ვიდეო-სერვისიც, რომლის მეშვეობითაც გამომწერებს ახალი ამბბების, პოდკასტების და გასართობი მასალების ნახვა შეეძლებათ. სამომავლო პერსპექტივაში კომპანია "ამაზონისა" და "გუგლ ქლაუდის" კონკურენციას ისახავს მიზნად.

"ტვიტერმა" და "ფეისბუქმა" ამერიკის პრეზიდენტს მათ სოციალურ ქსელებზე წვდომა მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ასობით მისი მხარდამჭერი 6 იანვარს კაპიტოლიუმს დაესხა თავს. კომპანიების განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მათ უთხრა, რომ არჩევნებში ფართომასშტაბიანი გაყალბების გამო დამარცხდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.