რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მან თაღლითობის ბრალდებით თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პაველ პოპოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის არმიის გენერალი პოპოვი დაკავებულია.
პოპოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე 11 წელი მსახურობდა, ივნისში გაათავისუფლეს. ის ეჭვმიტანილია 2021-24 წლებში მოსკოვის სიახლოვეს სამინისტროს "პატრიოტთა პარკის" საქმიანობის ზედამხედველობისას თაღლითური საქმიანობით გამდიდრებაში.
გამომძიებლები ამბობენ, რომ პოპოვი ამ უკანონო ნაბიჯებს "პატრიოტთა პარკის"დირექტორ ვიაჩესლავ ახმედოვთან და სამინისტროს ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან - გენერალ-მაიორ ვლადიმირ შესტეროვთან ერთად დგამდა.
ახმედოვიცა და შესტეროვიც აგვისტოში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, პოპოვს ბრალი ედება იმაშიც, რომ "პატრიოტთა პარკისთვის" გამოყოფილი თანხები მოსკოვთან ახლოს მდებარე საკუთარ ქონებაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესაკვეთად და დასაფინანსებლად გამოიყენა.
მაისში, ვლადიმირ პუტინის მიერ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის უწყების არაერთი მაღალჩინოსანი დააკავეს, მეტწილად - კორუფციის ბრალდებებით.