ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსზე საჯაროდ აიცრებიან

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.

ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე მომუშავეები.

ფრედი ფორდმა, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის უფროსმა, ტელეკომპანია CNN-თან საუბარში თქვა, რომ ამერიკის 43-ე პრეზიდენტი დაუკავშირდა ექიმ ენტონი ფაუჩის, ამერიკის წამყვან ინფექციონისტს და დებორა ბირქსს, თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა შეეთავაზებინა დახმარება და გაეგო, როგორ შეეძლო, რომ ვაქცინის პოპულარიზაციაში მონაწილეობა მიეღო.

ასევე ნახეთ: "ვაქცინის დაჩქარება უსაფრთხოების ხარჯზე არ მომხდარა" - აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი

„რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტმა ბუშმა მთხოვა, რომ მეცნობებინა ექიმი ფაუჩისა და ექიმბი ბირქსისთვის, რომ როდესაც დრო მოვა, ის მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა გაამხნევოს მოქალაქეები ვაქცინაციისთვის“, უთხრა მან CNN-ს.

განცხადება ამ თემაზე, პრეზიდენტ ბილ კლინტონის პრეს-სპიკერმაც გააკეთა და თქვა, რომ კლინტონს სურს საჯაროდ აიცრას, იმისთვის, რომ ვაქცინის პოპულარიზაცია მოხდეს.

„პრეზიდენტი კლინტონი, აუცილებლად მიიღებს ვაქცინას, როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი გახდება, იმ პრიორიტეტების მიხედვით, რასაც ჯანადცვის სფეროს ოფიციალური პირები განსაზღვრავენ. ის გააკეთებს ამას [აიცრება] საჯაროდ, თუკი ეს დაეხმარება ამერიკელებს იმაში დასარწმუნებლად, რომ მათაც იგივე გააკეთონ“, უთხრა ენჯელ ურენამ ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ: ჯანმო ელექტრონული ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემაზე ფიქრობს

ვაქცინის საჯაროდ მიღებას აპირებს ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ექიმი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა, მაშინ მისი სჯერა. „ადამიანებს, როგორიცაა ენტონი ფაუჩი, ვისაც ვიცნობ და ვისთანაც მიმუშავია, სრულად ვენდობი... და თუ ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და შემიძლია ავიცრა, რათა კოვიდზე იმუნიტეტი მქონდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ“, თქვა ობამამ.

„გპირდებით, რომ როდესაც მას [ვაქცინას] შექmნიან ხალხისთვის, ვინც ნაკლებ რისკქვეშაა, მე ავიცრები... შესაძლოა სატელევიზიო ეთერში ავიცრა, ან გადავიღოთ, როგორ მოხდება ეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, რომ მე ვენდობი მეცნიერებას და რასაც არ ვედნობი, არის კოვიდით დაავადება“, დაამატა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამერიკაში მიღებულია, რომ პოსტების დატოვების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტები ერთად მუშაობდნენ საზოგადოებისთვის რაიმე მნიშვნელოვან თემაზე. მაგალითად, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უფროსმა და მისმა მეუღლემ, ბარბარა ბუშმა, კომერციული თვითმფრინავით იფრინეს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იმისთვის, რომ საზოგადოება გაემხნევებინათ და დაერწმუნებინათ, რომ ფრენები კვლავ უსაფრთხო გახდა. ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი კი ერთად მუშაობდნენ 2005 წელს, ქარიშხალ კატრინასგან დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის შესაგროვებლად.

ასევე ნახეთ: კვლევა: აშშ-ში კოვიდ-19 2019 წლის დეკემბერში უკვე ვრცელდებოდა

ახლა კი ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობს, რომ იგივე გზას გაჰყვეს და თავისი არასაპრეზიდენტო პერიოდი გამოიყენოს საზოგადოებაში კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე ცნობიერების ასამაღლებლად.

ამ დროისთვის ამერიკის „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსგან“ ავტორიზაციას ელოდებიან კომპანია „მოდერნასა“ და „ფაიზერი“-„ბიონტექის“ ვაქცინები. მანამდე კი ბრიტანეთი გახდა დასავლეთში პირველი ქვეყანა, რომელმაც დაჩქარებული წესით, საგანგებო მდგომარეობის გამო, „ფაიზერი“-„ბიონტექის“, ამერიკა-გერმანიის ერთობლივ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა და მომავალი კვირიდან, ბრიტანეთის მოსახლეობის აცრებიც დაიწყება. ამერიკაში ვაქცინაციის დაწყებას, ავტორიზაციის დროულად მინიჭების შემთხვევაში, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვარაუდოებენ.

ასევე ნახეთ: ბრიტანეთი პირველია, ვინც ფაიზერისა და ბიონტექის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა