19 წლის ნიკოლას კრუზი, რომელსაც პოლიციამ ბრალი 17 ადამიანის განზრახ მკვლელობაში წაუყენა, ფლორიდის სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით და ციხის ნარინჯისფერ სამოსში წარსდგა. ბრალდებულის ადვოკატმა, პროკურორის მიერ მოთხოვნილი წინასწარი პატიმრობა არ გააპროტესტა.
მოსამართლე კიმ ტერეზა მოლიკამ კრუზს უთხრა, რომ მას ბრალი ძალიან სერიოზულ დანაშაულში წარედგინა.
მასობრივი მკვლელობის ყველა მსხვერპლი, 14 მოსწავლე და სამი მასწავლებელი, უკვე ამოცნობილია.
პრეზიდენტმა ტრამპმა ინციდენტის შემდეგ თქვა, რომ მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილება და სკოლების უსაფრთხოება „ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.“ მისივე თქმით, მასობრივ მკვლელობებთან დაკავშირებული "ფსიქიური ჯანმრთელობის რთულ საკითხთან გასამკლავებლად“, მალე ოფიციალურ პირებს მთელი ქვეყნიდან შეხვდება. იარაღის კონტროლზე რაიმე ახალი შეთავაზება პრეზიდენტს არ უხსენებია.
პარკლენდის მერმა „სი-ენ-ენს“ უთხრა, რომ მშობლებს შვილების სკოლაში დაბრუნების ეშინიათ.
ღამის სატელევიზიო შოუს წამყვანმა ჯიმი კიმელმა, ხუთშაბათის პროგრამაში პრეზიდენტს მოუწოდა ყველაფერი გააკეთოს ისეთი კანონების მისაღებად, რომელიც საბრძოლო შაშხანებს ხელში არ ჩაუგდებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც "ჩვენი შვილების მოკვლას აპირებენ."
თეთრი რასის უპირატესობის ჯგუფის, „ფლორიდის რესპუბლიკის“ ლიდერმა განაცხადა, რომ კრუზი ამ ორგანიზაციის წევრი იყო და მათ გასამხედროებულ წვრთნებში მონაწილეობდა, თუმცა კრუზსა და ნახევრადსამხედრო ჯგუფს შორის რაიმე კავშირი დადასტურებული არ არის.
კრუზი, იმ სკოლიდან, რომელსაც ის თავს დაესხა, ერთი წლის წინ, დისციპლინარული მიზეზის გამო გარიცხეს.
შერიფმა სკოტ იზრაელმა თქვა, რომ კრუზმა ცეცხლი სკოლის ორ სართულზე, ხუთ საკლასო ოთახში გახსნა. ამის შემდეგ, იარაღი და ვაზნებით სავსე ზურგჩანთა დააგდო და სხვა მოსწავლეებთან ერთად ადგილიდან გაიქცა. ის ოთხშაბათს, შუადღის შემდეგ დააკავეს.
შერიფმა სკოტ ისრაელმა ხუთშაბათს თქვა, რომ მასობრივი მკვლელობის შემდეგ, სამწუხაროდ, სხვა სკოლებში ამ დანაშაულის გამეორების მუქარები გაჟღერდა. შერიფმა პირობა დადო, რომ მუქარის ავტორებს დაადგენენ და პასუხისგებაში მისცემენ.
გამომძიებლები კრუზის ინტერნეტში აქტიურობას, მათ შორის, სოციალურ ქსელებში მის ანგარიშებს სწავლობენ. შერიფის თქმით, იქ „ძალიან შემაშფოთებელი“ რამ გამოიკვეთა, თუმცა მან დაზუსტებით არაფერი თქვა.
ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა თქვა, რომ ამერიკაში, იარაღის გამოყენებით მასობრივი მკვლელობის ჩამდენები, ხშირად საკუთარი ფსიქიური არასტაბილურობის შესახებ „წინასწარ სიგნალებს იძლევიან. როგორც ჩანს, ამ დროს ეფექტური ჩარევა არ ხდება." სეშენსმა დასძინა, რომ ამ მხრივ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.
ფლორიდის გუბერნატორმა რიკ სკოტმა განაცხადა, რომ შტატის კანონმდებლებს იმ პროგრამებზე სამუშაოდ შეხვდება, რომლითაც იმის უზრუნველყოფას ეცდებიან, რომ დადგენილი ავადმყოფობის მქონე პირებმა იარაღი ვერასოდეს იყიდონ.
პრეზიდენტმა ტრამპმა, დაღუპულთათვის პატივის მისაგებად გლოვის დღე გამოაცხადა და მთელს მსოფლიოში, ამერიკულ დაწესებულებებში, ორშაბათამდე დროშის ნახევრად დაშვების განკარგულება გასცა.
ამერიკაში ადრე მომხდარი მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ზოგიერთი კანონმდებელი, იარაღის კონტროლის გამკაცრების წინადადებით გამოდიოდა, მაგრამ იარაღის ქონა ამერიკელებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.