ამერიკის შტატ ფლორიდას დამანგრეველი ქარიშხალი „მილტონი“ უტევს, რისთვისაც შტატის ხელისუფლება განსაკუთრებით ემზადება. მოსალოდნელია, რომ მეოთხე-მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი შტატის საზღვარს ოთხშაბათს ღამით, ხუთშაბათ გამთენიისას მიაღწევს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ დროისთვის ქარიშხალი მეოთხე-მეხუთე კატეგორიის იქნება.
„მილტონს“ სპეციალისტები უკვე რამდენიმე დღეა კოსმოსიდან აკვირდებიან, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება, რომელსაც ფლორიდის ზოგიერთი ქალაქისთვის „დამანგრეველი“ ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. სპეციალისტების თქმით, ქარიშხალი ფორმირდება და ამ ეტაპზე ძალას არ კარგავს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ე.წ. ქარიშხლის თვალი, რომელმაც ფორმირება რამდენჯერმე უკვე განიცადა და მოსალოდნელია, რომ ის შენარჩუნებული იქნება მაშინაც, როცა „მილტონი“ სანაპირო ზოლს მიუახლოვდება.
„ქარიშხალ მილტონს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, - წერია ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. ადგილობრივი ხელისუფლება და დარგის სპეციალისტები ფლორიდელებს მოუწოდებენ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალურ მითითებებს, იქნება ეს ევაკუაციისკენ თუ შინ დარჩენისკენ მოწოდება.
სპეციალისტებს დაკვირვება აჩვენებს, რომ „მილტონი“ განსაკუთრებულად ძლიერად შეუტევს ქალაქ ტამპა ბეის, სადაც 3.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ფლორიდის ამ ქალაქს 1921 წლის შემდეგ ქარიშხლისგან პირდაპირი დარტყმა არ მიუღია. მოგვიანებით ქარიშხალი შეუტევს ორლანდოსაც, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაწყებულია.
ფლორიდის გარკვეული ქალაქებიდან და დასახლებებიდან, უკვე რამდენიმე დღეა დაწყებულია მოსახლეობის სავალდებულო და ნებაყოფლობითი ევაკუაციაც. შტატის ხელისუფლება ამბობს, რომ სახიფათო ზონებიდან, რომელიც ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილს მოიცავს, მოსახლეობას ევაკუაციისთვის დრო ჯერ კიდევ აქვს.
„ევაკუაცია ახლავე, ახლავე, ახლავე“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს თეთრ სახლში და მოუწოდა ფლორიდელებს მიმართონ შესაბამის ზომებს.
ქარიშხალ „მილტონზე“ დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ამ დრომდე ყველაზე ძლიერი სამშაბათს იყო, როცა ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აღწევდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ სიძლიერის ქარიშხალს შენობების დიდი რაოდენობის განადგურება და დაზიანება შეუძლია. ქარიშხლების ეროვნული ცენტის ინფორმაციით, ქარიშხალთან ერთად მოსალოდნელია, ძლიერი წვიმაც ფლორიდის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, რაც წყალდიდობას გამოიწვევს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქარიშხალი „მილტონი“ ამერიკის სხვა შტატებს ზიანს არ მიაყენებს, ფლორიდის გადაკვეთის შემდეგ ის ოკეანეში დაბრუნდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ „მილტონს“ იმ დროისთვის ძალა დაკარგული არ ექნება.