ტორნადოთი გამოწვეულმა ქარიშხალმა, ამერიკის სამხრეთ დაბლობებსა და ოზარკის მთებში, სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიური უბედურება ამერიკის ოთხ შტატს დაატყდა თავს. ორშაბათს ნაშუადღევის მდგომარეობით, განადგურებულია ასობით შენობა.
ამერიკის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, მინიმუმ, რვა ადამიანი დაიღუპა არკანზასში, შვიდი ტეხასში, ოთხი კენტუკიში და ორი ოკლაჰომაში.
კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა, ორშაბათს, შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამინდის ეროვნული სამსახური ამბობს, რომ მოსალოდნელია ძლიერი ჭექა-ქუხილი ატლანტას რაიონში და ჯორჯიის სხვა ნაწილებში. ასევე, სამხრეთ კაროლინას ზოგიერთ ტერიტორიაზე.
”ეს მძიმე ღამე იყო ჩვენი ხალხისთვის,” - დაწერა ბეშეარმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დამანგრეველი ქარიშხალი თითქმის მთელ შტატს დაატყდა თავს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამინდის გაუარესებამ 100 შტატთაშორისი მაგისტრალი და გზა დააზიანა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულებს. ის ოკლაჰომას გუბერნატორს, კევინ სტიტს, ასევე გუბერნატორებს ებოტსა და სანდერსს ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.