შეერთებულ შტატებში მოქმედმა ავიაკომპანიებმა, 8 ივლისს, 1 300-ზე მეტი რეისი გააუქმეს. შეფერხებების მიზეზი ქარიშხალი "ბერილია", რომელიც ტეხასის შტატს დაატყდა თავს.
საავიაციო მიმოსვლის საკონტროლო ვებგვერდის, FlightAware-ის მიხედვით, ამ დროისთვის, 1 331 ფრენა გაუქმდა და 505 გადაიდო. აქედან ყველაზე მეტი კომპანია "იუნაიტედისაა", რომელმაც 406 რეისი გააუქმა.
"ვაგრძელებთ "ბერილზე" დაკვირვებას და ვამცირებთ ფრენებს ჰიუსტონის საერთაშორისო აეროპორტში", - განაცხადა "იუნაიტედმა" კვირას, 8 ივლისს. მათი ცნობით, რეისები კვირა საღამოდან დაწყებული, ორშაბათის ჩათვლით გადაიდო ან გაუქმდა.
ტეხასის შტატში სანაოსნო პორტებიც დახურულია.
"ბერილმა" ნგრევა და წყალდიდობა უკვე მოუტანა კარიბის ზღვის აუზის დასახლებებს. დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ადამიანი.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა მას ჯერჯერობით პირველი კატეგორიის სიმძლავრე მიანიჭა, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ის გაძლიერდეს და მეორე კატეგორიაში მოხვდეს.
სინოპტიკოსები ამერიკაში მგზავრობის მსურველებს აფრთხილებენ, რომ უამინდობის გამო, შეფერხებები შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს.
Facebook Forum