საბერძნეთში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

საპორტო ქალაქი ალექსანდროპოლისი, საბერძნეთი, 21 აგვისტო, 2023

ჩრდილოეთ საბერძნეთის სოფელში სამშაბათს, სადაც ტყის ხანძრები რამდენიმე დღეა მძვინვარებს, თვრამეტი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა.

ბერძნულმა მედიამ, წყაროების მითითების გარეშე, თქვა, რომ სოფელ ავანტასის სამხრეთით ნაპოვნი ცხედრები მიგრანტებს ეკუთვნოდათ. ევროსის რეგიონი პოპულარული მარშრუტია მიგრანტებისთვის, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთში გადადიან.

ასევე ნახეთ: ჰავაიზე ხანძარმა 55 ადამიანი იმსხვერპლა

ორშაბათს რეგიონში იპოვეს კიდევ ერთი მამაკაცის დამწვარი ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ მიგრანტი იყო. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.

საბერძნეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისში, ტყის ხანძარმა ადგილობრივი ხელისუფლება აიძულა საავადმყოფოდან ათობით პაციენტის ევაკუაცია მოეხდინა, მათ შორის ახალშობილი ბავშვების. საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან 65 პაციენტის ევაკუაციის შემდეგ, იმპროვიზებულ საავადმყოფოდ ბორანი გადაკეთდა.

მეხანძრეები ასევე ებრძვიან ხანძრებს ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში.

ესპანეთში, სადაც ქვეყნის უმეტესი ნაწილი ტყის ხანძრის ძალიან მაღალი რისკის ქვეშ მიმდინარე ზაფხულს უკვე მეოთხედ იყო, ხელისუფლება უზარმაზარი ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს, რომელიც ერთი კვირაა ანადგურებს ტყეებს კუნძულ ტენერიფეზე.