თურქეთი და აზერბაიჯანი ნახიჩევანის რეგიონში 1-5 აგვისტოს, ფართომასშტაბიან საერთო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ორი ქვეყნის ეს ნაბიჯი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა და გზავნილია ერევანისთვის, რომ კონფლიქტის გამწავავების შემთხვევაში, ანკარა ბაქოს მხარეს დაიკავებს.
12 ივლისს, ორ ქვეყანას შორის სამხედრო შეტაკებები სომხეთის ტავიშის რეგიონის გასწვრივ დაიწყო. შეტაკებებმა, სულ მცირე, თექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, სამხედრო მაღალჩინოსნების. მხარეები, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ცეცხლის გახსნას ერთმანეთს აბრალებენ.
ორ ქვეყანას შორის, მცირემასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, ყარაბაღის გარშემო ხშირია. მაგრამ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ ივლისის შეტაკებები არა საკუთრივ სადაო ტერიტორიაზე, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ საზღვარზე მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების ადგილი საქართველოს საზღვრიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს.
ასევე ნახეთ: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემთხვევაში, საქართველო შესაძლოა მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს2016 წლის აპრილის შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, რომლებსაც სამასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაა.
„ჩვენ ყველას უნდა გვაშფოთებდეს არა მარტო მსხვერპლი, არამედ ისიც, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ორივე ქვეყანა დიდ საფასურს გადაიხდის... სამწუხაროდ, სიტუაციის გათვალისწინებით, ვერცერთ მხარეზე ვერ ვხედავ სურვილს, რომ დათმობებზე წავიდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთონ“, - ამბობს ჯეიმს ვორლიკი, შეერთებული შტატების ყოფილი მომლაპარაკებელი ყარაბაღის საკითხებში და ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში.
გაყინული კონფლიქტი
დღეს, მთიანი ყარაბაღი გაყინული კონფლიქტია. კონფლიქტის დასაწყისი საბჭოთა პოლიტიკას უკავშირდება, კერძოდ კი 1920-იან წლებს, როცა მთიანმა ყარაბაღმა ავტონომია მიიღო.
საბჭოთა იმპერია მხარეების შორის უკმაყოფილებას ახშობდა. თუმცა სსრკ-ს დაშლის პირზე, ამ უთანხმოებამ თავი იჩინა და 1988 წლიდან ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გამწვავდა. მალევე კი, 1992 წელს, ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
ყარაბაღის ომი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით დამთავრდა, რის შემდეგაც ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე და მის გარშემო მდებარე რეგიონებზე კონტროლი სომხეთმა მოიპოვა. დღეს, ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური სომეხია. აზერბაიჯანი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, რუსეთიც, ყარაბაღს მისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
ასევე ნახეთ: პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე იმსჯელესცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, სამშვიდობო პროცესს მინკის ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ეგიდით შეიქმნა. ჯგუფში სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად 11 ქვეყანა შედის და მას სამი თავმჯდომარე ქვეყანა ჰყავს - შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი. თუმცა ამ ფორმატს, ამ დრომდე, მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია.
ახალი რეალობა
„რამდენიმე წლის წინ, სომხეთში ახალი მთავრობის მოსვლის და აზერბაიჯანის მთავრობაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა ის მწვავე დაპირისპირება რაც ვნახეთ, კიდევ უფრო ამცირებს ამის შანსებს“, - ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი.
იმედები, რომ სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლას, ყარაბაღის გარშემო ცვლილებების შეიძლება მოჰყოლოდა, მალევე გაქარწყლდა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ წელს პარიზში ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
„ამ იმედგაცრუებასთან ერთად კონფლიქტის შანსები იზრდება“, - ამბობს ვორლიკი.
დაპირისპირების ფონზე, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველომ ნება დართო სერბეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული შეიარაღების მის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას. ქართული მხარე ამ ბრალდებებს უარყოფს.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობასაც არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იარაღის ტერიტორიაზე გატარების შესახებ შეკითხვაზე პასუხად და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მედიაში გავრცელებული ცნობებია.
ასევე ნახეთ: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - არის მსხვერპლიდაპირისპირება გასცდა ორი ქვეყნის საზღვარს. ეთნიკურად სომეხ და აზებაიჯანელ მოსახლეობას შორის შეტაკებები მოხდა ლოს-ანჯელესში აზერბაიჯანის საკონსულოსთან, ასევე ბელგიასა და რუსეთშიც.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის არ არსებობის ფონზე და პოლიტიკური ელიტის მხრიდან ერთმანეთის წინააღმდეგ მწვავე რიტორიკის შედეგად, კომპრომისისთვის მზაობა ორივე ქვეყნის მოსახლეობაში მცირდება.
Your browser doesn’t support HTML5
„საზოგადოებრივი აზრი ორივე ქვეყანაში უფრო და უფრო დაშორდა ერთმანეთს და მოსახლეობას ახლა უფრო რადიკალურად ნაციონალისტური პოზიციები აქვს, რაც პრეზიდენტისთვის თუ პრემიერ-მინისტრისთვის ართულებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევას“, - ამბობს ჯეიმს ვორლიკი.
საერთაშორისო პასუხი
მინსკის ჯგუფის წევრმა სახელმწიფოებმა მხარეებს სამშვიდობო პროცესში დაბრუნებისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში არსებობს შიში, რომ დაპირისპირება შეიძლება რეგიონულ ძალებს შორის არაპირდაპირ ბრძოლად იქცეს.
აზერბაიჯანს თურქეთი უჭერს მხარს. ხოლო სომხეთს ზურგს მოსკოვი უმაგრებს. პარალელურად, რუსეთი ორივე მხარეს აწვდის შეიარაღებას, რაც ერევნის უკმაყოფილებას იწვევს.
ასევე ნახეთ: ერდოღანი ოსმალეთის იმპერიის სადარაჯოზე„ვფიქრობ რომ რუსეთს არ სურს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რადგან ეს სამხრეთ კავკასიაში მის ინტერესს ეწინააღმდეგება. თუმცა არც ის მჯერა, რომ ისინი პასუხისმგებლიანი პარტიორები არიან [სამშვიდობო პროცესში] და მათ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწვეტა სურთ. მათ უნდათ, რომ კონფლიქტი გაყინულ ფაზაში დარჩეს“, - ამბობს რიჩარდ კაუზლარიჩი, მინსკის ჯგუფში აშშ-ის მხარის ყოფილი წარმომადგენელი.
კონფლიქტს, რომელმაც 30,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, მესამე ათწლეულია - დასასრული არ უჩანს. სტატუს-ქვო კი ორივე მხარეზე უკმაყოფილებას კიდევ უფრო აღრმავებს.