შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება ახალი საიმიგრაციო რეგულაციით. ის ამერიკაში თავშესაფრის მიღების უფლებას უჩერებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში სასაზღვრო პუნქტიდან არ შემოსულან.
განკარგულებას ტრამპმა ხელი 9 ნოემბერს მოაწერა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია იმ ათასობით მიგრანტის პრობლემასთან გასამკლავებლად, რომელთა ქარავანიც მექსიკის საზღვარს უახლოვდება. პრეზიდენტის თქმით, ამ იმიგრანტებს "როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში დაშვების ლეგალური საფუძველი არ გააჩნიათ".
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პასუხად საჩივარი შეიტანეს. მოსამართლე ჯონ ტაიგერმა გადაწყვეტილება განკარგულების დროებით შეჩერების შესახებ ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიიღო. მან მიუთითა კანონზე სახელწოდებით იმიგრაციის და ნატურალიზაციის აქტი (Immigration and Naturalization Act - INA), რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს, იმის მიუხედავად, თუ საიდან შემოვიდა ქვეყანაში.
ფედერალური მოსამართლე კონგრესის ჩარევას ითხოვს, რადგან პრეზიდენტის განკარგულება "უპასუხისმგებლოდ მოდის წინააღმდეგობაში იმიგრაციის და ნატურალიზაციის აქტთან. სასამართლოში მომდევნო განხილვა 19 დეკემბერს არის დანიშნული.