გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის ფლორიდის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ორშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ფლორიდაში, მის კუთვნილ სახლში შეიჭრნენ და სეიფი გატეხეს. ტრამპის ვაჟმა დაადასტურა, რომ ეს იმ გამოძიების ნაწილი იყო, რომელიც ტრამპის მიერ საპრეზიდენტო ჩანაწერების თეთრი სახლიდან ფლორიდის კურორტზე გადატანას ეხებოდა.

ყოფილი პრეზიდენტის სახლის უპრეცედენტო ჩხრეკით შესაძლოა აღინიშნოს მნიშვნელოვანი ესკალაცია ჩანაწერების საკითხზე გამოძიებაში, რაც ერთ-ერთია რამდენიმე გამოძიებიდან, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის და კერძო ბიზნესში ყოფნის პერიოდს მოიცავს.

ასევე ნახეთ: ტრამპი კვლავ მხარდამჭერებს მიმართავს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უარი განაცხადა კომენტარზე ჩხრეკის შესახებ, რომელსაც ტრამპმა თავის განცხადებაში შეჭრა უწოდა და თქვა, რომ ამაში „გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების დიდი ჯგუფი“ მონაწილეობდა. ბიუროს მთავარმა ოფისმა ვაშინგტონში და მაიამის პერიფერიულმა ოფისმა კომენტარზე უარი თქვეს.

ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ვაჟმა, ერიკ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ უთხრა, რომ ჩხრეკა იმ დოკუმენტების ყუთებს ეხებოდა, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლიდან წამოიღო და მამამისი ამ საკითხზე ეროვნულ არქივთან თვეების განმავლობაში თანამშრომლობდა.

„ფოქს ნიუსის“ ციფრული გამოცემის თანახმად, ჩხრეკის დროს ტრამპი ფლორიდის სახლში არ იმყოფებოდა და ნიუ-იორკში იყო.

ფედერალური კანონი, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო ჩანაწერების აქტი ეწოდება, პრეზიდენტის ოფიციალურ მოვალეობებთან დაკავშირებული სამსახურებრივი ჩანაწერების, წერილების, შენიშვნების, ელექტრონული ფოსტის, ფაქსების და სხვა წერილობითი კომუნიკაციის შენახვას მოითხოვს.

კერძო საცხოვრებლის ნებისმიერი ჩხრეკა ნებადართული უნდა იყოს მოსამართლის მიერ, მას შემდეგ რაც სამართალდამცავი სააგენტო აჩვენებს სარწმუნო საფუძველს, რომ ჩხრეკა გამართლებულია.

თითქმის უეჭველია, რომ ასეთი ნაბიჯი ნებადართული უნდა ყოფილიყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ტრამპის მიერ დანიშნული დირექტორის, ქრისტოფერ ვრეის და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დანიშნული მთავარი პროკურორის, მერიკ გარლანდის მიერ.