ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტი არჩევნებთან დაკავშირებით ტრამპის საქმეს იძიებს


სააგენტო „როიტერის“ ცნობით , სამშაბათს, „ვაშინგტონ პოსტმა“ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი თავის კრიმინალურ გამოძიებაში იკვლევს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობებს, 2020 წლის არჩევნებში თავისი დამარცხება გაეუქმებინა.

იუსტიციის დეპარტამენტი აწარმოებდა თეთრი სახლის ყოფილი ოფიციალური პირების, მათ შორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის კანცელარიის უფროსის გამოკითხვას, რომელმაც ორშაბათს დაადასტურა, რომ ჩვენება მისცა ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას და ტრამპის და მისი მომხრეების მხრიდან, არჩევნებში მისი დამარცხების გაუქმების მცდელობებს იძიებს.

„ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ პროკურორებმა მოწმეები ნაფიცი მსაჯულების წინაშე დაკითხეს და მათი კითხვები შეეხებოდა ტრამპთან, მის ადვოკატებთან და სხვა დაახლოებულ პირებთან საუბრებს.

იუსტიციის დეპარტამენტისგან კომენტარის მიღება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.

ტრამპის პრეს-მდივანი „როიტერისთვის“ კომენტარის თხოვნას არ გამოეპასუხა. ტრამპი რაიმე უკანონობის ჩადენას უარყოფს.

XS
SM
MD
LG