ინფექციური დაავადებების სფეროში, შეერთებული შტატების მთავარი ექსპერტის, ენტონი ფაუჩის გამონათქვამმა: “კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლედ გამიზნულ სოციალურ შეზღუდვებს, უფრო ადრე რომ დაეწყოთ, შეეძლო სიცოცხლის გადარჩენა და ნაადრევად თუ შეამსუბუქებენ, ახალი შემთხვევების რაოდენობა უეჭველად გაიზრდება”, როგორც ჩანს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გულისწყრომა გამოიწვია.
ტრამპმა, რომელსაც აღიზიანებდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მან ადრეულ ეტაპზე ვირუსთან საბრძოლველად საკმარისი არ გააკეთა, გააზიარა “ტვიტი”, რომელიც ფაუჩის კომენტარებს შეეხება და ამბობს: “ფაუჩის დათხოვნის დროა”. რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიანიშნა ჩინეთიდან მგზავრების შემოსვლის შეზღუდვის შესახებ, იანვრის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე და დაწერა: “ყალბო ახალო ამბებო, ბოდიში, ეს ყველაფერი ჩაწერილია. ჩინეთი დიდი ხნით ადრე ავკრძალე, სანამ ხალხი ამაზე საუბარს დაიწყებდა.
კვირას ფაუჩიმ თქვა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, ეკონომიკამ შესაძლოა “ეტაპობრივი ამუშავება” უკვე მომავალ თვეში დაიწყოს თუ ჯანდაცვის მესვეურები შეძლებენ სწრაფად აღმოაჩინონ და იზოლირება გაუკეთონ იმ ადამიანებს, რომელთა ინფიცირება გარდაუვალია. ფაუჩიმ ასევე თქვა, რომ არ შეუძლია გარანტიის მიცემა, რომ არჩევნების დღეს, 3 ნოემბერს, სარჩევნო უბნებზე ფიზიკურად მისვლით ხმის მიცემა ამერიკელებისთვის უსაფრთხო იქნება.
ტრამპის “ტვიტი”, რომელიც ფაუჩის შეეხებოდა, ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე შეტყობინებიდან, რომელიც ტრამპმა კვირას გამოაქვეყნა და ვირუსის აფეთქებასთან გასამკლავებლად საკუთარ ძალისხმევას ამართლებდა და სხვებს არასწორი ნაბიჯების გადადგმას აბრალებდა.