ინფექციურ დაავადებათა წამყვანმა ექსპერტმა ენტონი ფაუჩიმ დღეს ამერიკელები გააფრთხილა, არ იჩქარონ ეკონომიკის ამუშავება, თუნდაც პანდემიის მხრივ, მონაცემთა გაუმჯობესება დაფიქსირდეს. შეერთებულ შტატებში უმუშევრობის რეკორდული მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ამერიკას ძალიან ძვირი უჯდება კორონავირუსის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები.
ამერიკაში უმუშევართა რაოდენობამ ბოლო სამ კვირაში 15 მილიონს მიაღწია. ბოლო ერთ კვირაში მათი რაოდენობა 6.6 მილიონით გაიზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ აპრილის ბოლომდე უმუშევართა რიცხვი შეერთებულ შტატებში 20 მილიონს მიაღწევს.
ოფიციალური პირების ერთი ნაწილი ქვეყანაში პროგნოზირებული სიკვდილიანობის 100 000-დან 60 000-ზე ჩამოწევას თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმატებად მიიჩნევს. თუმცა, ექიმი ენტონი ფაუჩი თვლის, რომ ჯერ წარმატებაზე საუბარი ნაადრევია. ის გამუდმებით ხაზს უსვამს, რომ ხალხის სახლში დარჩენა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.
"უნდა გავაორმაგოთ ფიზიკური მანძილების დაცვის აუცილებლობაზე საუბარი, რათა ეს მონაცემები დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ და იმედია, იმაზე კიდევ უფრო მეტად ჩამოვწევთ, ვიდრე ბოლოს მოისმინეთ - უთხრა ფაუჩიმ დღეს ტელეკომპანიას "სი-ბი-ესი". ფაუჩი უკვე 36 წელია ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია. ის პანდემიების და ეპიდემიების პერიოდებში, ამერიკის 6 პრეზიდენტის მრჩეველიც იყო.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოდელის მიხედვით, რომელსაც შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ხშირად ახსენებენ, ამერიკაში 4 აგვისტომდე კორონავირუსის გართულებებით, 60, 400-ზე მეტი ადამიანი მოკვდება. პიკს აღმოსავლეთ სანაპიროზე ამ შაბათ-კვირას ელოდებიან. ფიქრობენ, რომ ამ უქმეებზე კოვიდ-19-ს დაახლოებით 2 200 ადამიანი შეეწირება.
შეერთებულ შტატებში ამ დილით 432, 600-მდე ინფიცირებული აღირიცხა. სიკვდილიანობა კორონავირუსის მქონე პაციენტებში 14 800-ზე მეტია. ამ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ეპიცენტრში კვლავ ნიუ-იორკის შტატია, სადაც პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლი მართალია მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება და მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ სიკვდილიანობის მონაცემები კვლავ ძალიან მაღალია. კორონავირუსით შტატში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გარდაიცვალა. თავად ქალაქი ნიუ-იორკი ეპიცენტრად ქვინსის დასახლებას თვლის.
მსოფლიოში კოვიდ-19-ით 90 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი დღეს 1.5 მილიონს გადაცდა.
Facebook Forum