თევზის ბაზრობები ღია ცის ქვეშ, საოჯახო გასეირნებები ვაშინგტონის შემოგარენში მდებარე ეროვნულ პარკებსა თუ ტყეებში - რაც უფრო ხშირადაა თბილი და მზიანი გაზაფხულის ამინდი ვაშინგტონში, სოციალური დისტანცირების დაცვა მით უფრო რთული ხდება. ჯანდაცვის სპეციალისტები კი შიშობენ, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ეპიდემიის აფეთქების შემდეგი კერა გახდეს.
ამჟამად დედაქალაქში 1 200-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, 22 ადამიანი კი გარდაიცვალა. თუმცა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა.
გასულ კვირას მერმა მურიელ ბაუზერმა განაცხადა, რომ მოდელირების თანახმად, გავრცელების პიკი ვაშინგტონში შესაძლოა მაისში ან ივნისში იყოს. ეს კი წლის ბოლომდე ყოველი მეშვიდე ვაშინგტონელის დაინფიცირებას შეიძლება ნიშნავდეს. გარდაცვლილთა რიცხვმა კი შეიძლება 1000-ს მიაღწიოს.
"ჩვენ ვშიშობთ, რომ ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი შეიძლება შემდეგი ტალღა იყოს. გვინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. ჩვენს ქალაქში ინფიცირების მაჩვენებლები გვეუბნება, რომ თუკი სოციალურ დისტანცირებას არ დავიცავთ, ადგილობრივი გავრცელება გაგრძელდება და შეიძლება ამან კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინფიცირება და გარდაიცვალება გამოიწვიოს."
დებორა ბირქსმა, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის საგანგებო ჯგუფის კოორდინატორმა ვაშინგტონი არაერთხელ ახსენა იმ ადგილებს შორის, სადაც ეპიდემიის მასშტაბური გავრცელებაა მოსალოდნელი, მაგალითად ჩიკაგო, დეტროიტი, კოლორადო თუ პენსილვანია.
ბირქსი ამბობს, რომ ჯანდაცვის ეროვნულ ექსპერტებში დედაქალაქის შესახებ მზარდი შეშფოთება არსებობს და რომ ვაშინგტონი ახლა ადრეულ ეტაპზეა იმ სიტუაციისა, რომლის მახასიათებლებიც მათთვის ნაცნობია: შემთხვევათა თანდათანობითი, არც ისე მასშტაბური ეტაპობრივი ზრდა ყოველდღიურ რიცხვებში, რასაც მასობრივი აფეთქება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა მოჰყვება.
"მათი [ვაშინგტონის] მრუდი ზემოთ მიიწევს", - თქვა ბირქსმა შაბათს. "ჩვენ ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ თუკი ხალხი დაემორჩილება შეზღუდვებს, ის სამუშაო რაც ამ გასული ორი კვირის განმავლობაში გასწიეს, ამ მრუდს გაასწორებს და აღარ ვნახავთ იმ აღმავალ მაჩვენებელს და პიკს, რაც ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კონექტიკუტსა და როდ-აილენდის ნაწილებში გვაქვს", - განმარტა ბირქსმა.
ვაშინგტონში ვირუსის გავრცელების შეზღუდვა რეგულაციებისადმი დაუმორჩილებელი მოქალაქეების გამო ბოლო კვირებში გართულდა.
მარტის ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავი უწყებები დიდწილად ჯეფერსონის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე და საკურას ყვავილობის სანახავად მოსახლეობის თუ ტურისტების გადაადგილების შეზღუდვაზე იყვნენ ფოკუსირებულნი. თუმცა გასულ უქმეებზე კარგი ამინდის გამო არაერთი ოჯახი სახლიდან გამოვიდა და ბევრმა მათგანმა მდინარის ნაპირას მდებარე პარკებსა თუ სასეირნო ადგილებს მიაშურა. ვაშინგტონის მერიამ ღია ცის ქვეშ, მდინარის პირას მდებარე პოპულარული თევზის ბაზარი დახურა მას შემდეგ, რაც მედიაში იქ არსებული ხალხმრავლობის კადრები გავრცელდა.
არაერთი ველოსიპედისტი თუ ბუნებაში ვარჯიშის, სირბილის თუ სხვა აქტივობის მსურველი შეიკრიბა ვასინგტონის როკ ქრიქ პარკშიც, სადაც მათ გადაადგილებას ცხენოსანი პოლიცია აკონტროლებდა. თუმცა სარბენი და ველოსიპედის ბილიკების ფართობი იმის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ სოციალური დისტანცირება სათანადოდ იყოს დაცული.
"ჩვენ ბაზრის დაკეტვა მოგვიხდა იმის გამო, რომ იქ სოციალური დისტანცირების მოთხოვნა დაცული არ იყო. ვერ გამოვხატავთ ამაზე მეტად იმას, რომ სახლში დარჩენა, ყველა კერძო პირის პასუხისმგებლობაა სიცოცხლეების გადასარჩენად... ეს ყველაფერი კი ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ დავკეტეთ პარკები, რაც პოლიციის ყვითელი ლენტით შემოვღობეთ საბავშვო მოედნები, ჩამოვხსენით ტენისის ბადეები და კალათბურთის კალათები. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ხალხი გროვდება იქ, სადაც იციან, რომ არ უნდა შეიკრიბონ. ჩვენ საზოგადოების თანამშრომლობა და დახმარება გვჭირდება", - განაცხადა ვაშინგტონის მერმა.
ვაშინგტონში სახლში დარჩენის ბრძანება მოქმედებს. თუკი გადაუდებელი საჭიროების გამო ვინმე ამ ბრძანებას არღვევს და დისტანცირების წესებსაც არ იცავს, მათ მიმართ შესაძლოა 90-დღიანი პატიმრობა ან 5 000 $-იანი ჯარიმა გამოიყენონ. თუმცა ამ დრომდე დედაქალაქის პოლიციას არც არავინ დაუჯარიმებია დ არც დაუკავებია. ბაუზერი ამბობს, რომ პოლიციელთა ამ როლში ხილვა არ სურს. მისი თქმით, არ უნდა არსებობდეს მოლოდინი, რომ პოლიცია შეძლოს ყველა პირს გააკეთებინოს ის, რაც მათ იციან, რომ უნდა აკეთონ.
ქალაქის სათათბირო ორგანოს წარმომადგენელი ტრაიონ უაიტი მერის მსგავსად იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ მისი საქმიანობა ახლა იმასაც გულისხმობს, რომ ქუჩაში შემხვედრი ადამიანები "დაშალოს" და სახლში წასვლისკენ ან დისტანციის დაცვისკენ მოუწოდოს.
Facebook Forum