მთავრობის საქმიანობის შეჩერება ფერმერებზეც მოქმედებს

2018 წლის ბოლო ამერიკელი ფერმერებისთვის შვების პერიოდი უნდა ყოფილიყო. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გასულ კვირას დახმარებას დაპირდა იმ ფერმერებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომით. თუმცა შემდეგ ამერიკის მთავრობის ნაწილის საქმიანობა შეჩერდა.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა გასულ კვირას განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გარანტია მისცა ფერმერებს, რომ ისინი მთავრობის დახურვის პირველ კვირაში ჩეკებს უპრობლემოდ მიიღებდნენ. თუმცა არის სხვა ტიპის ოპერაციები, რომლებიც შეფერხებულია, მაგალითად პირდაპირი გადარიცხვები მათთვის, ვისაც პროდუქციის სერტიფიცირება ჯერ არ გაუკეთებია, სასოფლო-სამეურნეო კრედიტები და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის განკუთვნილი პროგრამები. ეს ფინანსური ოპერაციები არ შესრულდება, სანამ მთავრობის მუშაობა არ აღდგება.

თუმცა ბიუჯეტის საკითხზე კომპრომისის მიღწევა უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის. პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნა კატეგორიული რჩება, დემოკრატები კი მისთვის მექსიკასთან კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე არ თანხმდებიან.

მართალია სოფლის მეურნების დეპარტამენტის ზოგიერთი მიმართულება ფუნქციონირებს, მაგრამ შესაძლოა მათი საქმიანობაც შეჩერდეს, თუკი ბიუჯეტი კიდევ დიდხანს არ დამტკიცდება.

ასეთ პროგრამებს შორისაა მაგალითად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კვების პროგრამები, დაახლოებით 40 მილიონამდე ამერიკელი სადილის ტალონს იღებს. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ამბობს, რომ ამ ბენეფიტებისა და სერვისების მიწოდება იანვრის თვეში უზრუნველყოფილი იქნება, მიუხედავად მთავრობის დახურვისა. სკოლებში ბავშვებისთვის განკუთვნილი ლანჩის პროგრამა თებერვალშიც იმუშავებს. რაც შეეხება ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა მაგალითად ფეხმძიმე და მეძუძური დედების კვებისა და დახმარების პროგრამები, ინდიელ ამერიკელთა რეზერვაციებში საკვების მიტანის სერვისები და სხვები, ადგილობრივ დონეზე გაგრძელდება, თუმცა ფედერალური მთავრობისგან ეს პროგრამები დახურული მთავრობის პირობებში ვერ დაფინანსდება.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი დაახლოებით 9.5 მილიარდ დოლარს უხდის იმ ფერმერებს, რომლებსაც სოიო, სიმინდი, ხორბალი და სხვა მარცვლეული მოჰყავთ ისევე, როგორც იმ სხვა ფერმერებს, რომლებიც ჩინეთთან სატარიფო ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამ კომპენსაციების პირველი ნაწილი სექტემბერში გაიცა, მეორე ნაწილისთვის კი განცხადებების შეტანის ვადა 15 იანვარს იწურება.

ამჟამად, დაახლოებით 420 000 საჯარო მოხელე ანაზღაურების გარეშე მუშაობს, 380 000 კი იძულებით უხელფასო შვებულებაშია. გასულ წლებში ფედერალური მთავრობის შტატიან თანამშრომლებს ამ ნამუშევარი დღეების ანაზღაურება მოგვიანებით გადაუხადეს. კონტრაქტორებს კი, რომლებსაც უმეტესად საათობრივი ანაზღაურება აქვთ, კომპენსაციას და ანაზღაურებას ვერ მიიღებენ იმ დღეებისთვის, როდესაც იძულებულნი იყვნენ არ ემუშავათ.