საქართველოში წარმოებული ორგანული საკვები ამერიკელებს მოეწონათ

საკვების ყოველწლიურ შოუზე საქართველო პირველად წარმოადგინა საკვები პროდუქტების ხუთმა კომპანიამ

თეა თუაშვილი

წელს, ხუთი ქართული კომპანია ნიუ იორკში იაკობ ჯავიტსის ცენტრში Fancy Food Show 2015 პირველად მონაწილეობდა. ნატურალური წვენების ცნობილი კომპანიები " კამპა" და "არომაპროდუქტი", "კულა", თხილის მწარმოებელი " ჯორჯიან პრადაქტს რენესანსი", "ჯეო-პლანტი იგივე გურიელი", რომელიც ქართულ ჩაის აწარმოებს, მსოფლიოს იმ 2500 კომპანიას შორის არის, რომლებიც მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენენ.

ამერიკელი მყიდველი კომპანია "გურეილის" სტენდთან დგას და ქართული ჩაით ინტერესდება:

- ეს ჩაი საქართველოშია მოყვანილი?

- დიახ ეს სუფთა ქართული ჩაია, ქართულ მიწაზე დარგული, მოყვანილი და დამუშავებული.

უცხო და საინტერესო საკვების საბითუმო სავაჭრო შოუ, რომელიც ჯავიტსის ცენტრში ყოველწლიურად იმართება, ნიუ იორკში წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. მსოფლიოს წამყვანი 2500 კომპანია და 25 ათასი მყიდველი სამი დღის განმავლობაში ეგზოტიკურ და განსაკუთრებულ პროდუქტს და გემოს ეძებს. ნინო მარტინენკო უცხოელ მყიდველებს კომპანია "გურიელის" პროდუქციას სთავაზობს.

ნინო მარტინენკო: ძალიან მოსწონთ, ვინც გასინჯა ჩაი. ძირითადად მიაქვთ. ადგილზე ვინც გასინჯა, ძალიან მოეწონათ ხილის ჩაი. ფიზიკურად ხედავენ გამხმარ ხილს, რომელიც ფუვდება ცხელი წყლის დასხმის შემდეგ. ძალიან მოსწონთ, არომატულია, ყველა პროდუქტის მიმართ არის დიდი ინტერესი, გვაქვს ბიზნეს კონტაქტები და კომპანიის წარმომადგენლები შემდეგ დაუკავშირდებიან.

ქართული თხილის მწარმოებელი კომპანია " ჯორჯიან პრადაქტს რენესანსი" ხობში მოყვანილი თხილის გაყიდვას მალე ნიუ იორკსა და სხვა შტატებში არსებულ რუსულ სუპერმარკეტებში იწყებს. დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე შოუში მონაწილეობით კმაყოფილია.

ლევან ბოლქვაძე: კონკრეტული გათვლაც გვქონდა ამერიკის სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებზე. დაინტერესებაც არის, რუსული კომპანიის მხრიდან, მალე უნდა დავიწყოთ საცდელი პარტიით და თუ გაყიდვა კარგად წავიდა, მერე უკვე დიდ პარტიასაც შეუკვეთავენ.

კომპანია გურიელის მსგავსად უცხოური ბაზარი დიდი ხანია ათვისებული აქვს შოუში მონაწილე წვენების მწარმოებელ "არომაპროდუქტს", "კამპას", და "კულას". "არომაპროდუქტი" ნატურალური წვენებით უკვე რამდენიმე წელია საკუთარი ეტიკეტით კანადასა და შეერთებულ შტატებში ვაჭრობს. ამ გამოფენაზე გასულ წელსაც მიიღეს მონაწილეობა, ჯგუფურ შოუში პირველად არიან წარმოდგენილი.

გიორგი ტყებუჩავა, კომპანია "არომაპროდუქტის" წარმომადგენელი": უკვე ექსპორტს ვაკეთებთ ორმოც ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე. შარშან კარგი გამოხმაურება გვქონდა და წელსაც ამ მიზნით გადავწყვიტეთ მონაწილეობა. მთელს მსოფლიოში ორგანულ საკვებზე დიდი ინტერესია და შესაბამისად მოთხოვნა იზრდება ჩვენს პროდუქციაზეც.

ორიგინალური გემო შოუზე მისულმა მყიდველებმა ნატურალური წვენების და ხილის პროდუქტების მწარმოებელი მეორე კომპანიის "კამპას" პროდუქციის დეგუსტაციის დროსაც შეიგრძნეს.

საბა ბუაძე: ფორთოხლის წვენით ამ ბაზარზე ვერავის გააკვირვებ, მოსწონთ ის, რაც განსხვავებულია. მაგალითად ბროწეულის, კომშის, ქაცვის წვენები.

გამოფენაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მეწარმეთა განვითარების სააგენტოს კოორდინირებით დაიგეგმა. ექსპორტის განვითარების მენეჯერი კოტე მდინარაძე მსოფლიოში კვების სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებზე საუბრობს.

კოტე მდინარაძე: ტენდენციაა ასეთი, რომ უნდათ ჯანმრთელი, ორგანული პროდუქცია. რაც ჩვენ ნამდვილად გვაქვს წარმოდგენელი. აი ორივე წვენების მწარმოებელ კომპანიას აქვს ორგანული ხაზი, ასვეე "კამპა" პროდუქციას ნატურალური კონცენტრატიდან ამზადებს. აინტერსებთ მოწოდების ვადები, მათი შენახვა, ფასები. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა პროდუქციით, პროდუქტი უნდა იყოს ორიგინალური, მიმზიდველი და ფასიც თავისთავდ მისაღები და კონკურენტუნარიანი.

ეთნიკურად მრავალფეროვანი ნიუ იორკი ქართული პროდუქციისთვის მართლაც საინტერესო ბაზარია. სამდღიანი შოუ დასრულდა. ის მონაწილეებს და მყიდველებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან მომავალ წლამდე დაემშვიდობა.