ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლადო ფოჩხუა კოლუმბიის უნივერსიტეტში


ლადო ფოჩხუა
ლადო ფოჩხუა

მხატვრის გამოფენა ბრუკლინის გალერეაში იმართება

მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის წარმომადგენლების შესახებ კოლუმბიის უნივერსტიტეტში ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ლადო ფოჩხუამ ლექცია წაიკითხა. მისი სურვილია, საბჭოთა საქართველოს მხატვრები, რომელთაც მოღვაწეობა ძალიან რთულ პერიოდში მოუწიათ, მსოფლიომ უკეთ გაიცნოს. ლადო ფოჩხუა კოლუმბიის ჰარიმანის უნივერსიტეტში ბარნარდის კოლეჯის პროფესორმა, რომელიც ასევე საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მუდმივი წევრია და კოლუმბიის უნივერისტეტში რუსეთის, ევრაზიის და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს კურირებს-კიმბერლი მარტინმა მიიწვია. ლადო ფოჩხუას ლექციას ჩვენი ნიუ იორკის კორესპონდენტი თეა თუაშვილი დაესწრო.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლადო ფოჩხუა ნიუ იორკში კოლუმბიის ჰარიმანის ინსტიტუტში საინტერესო ლექციით წარსდგა, სათაურით“ ქართული საბჭოთა რეალიზმის სახე 1919-1991 წლებში მხატვრობაში და დიზაინში“. ლადო ფოჩხუას მიზანი ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია და ამერიკელი აუდიტორიისთვის მათი შემოქმედების უფრო ახლო გაცნობა იყო. ამ პერიოდის საბჭოთა საქართველოში მოღვაწე მხატვრების - დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების რეტროსპექტივით მან დამსწრე აუდიტორიას ანექსირებული საქართველოს რეალობა დაანახა. ლადო ფოჩხუა სოხუმელია. ის სხვადსხვა დროს საქართველოში, აზერბაიჯანში და უნგრეთში მოღვაწეობდა, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა. რამდენიმე წელია ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ამჟამად თბილისში ეროვნულ გალერეაში, სახელწოდებით „ ქართული მელანქოლიის ანატომია“ და პარალელურად ნიუ იორკში, ბრუკლინის გალერეაში მისი ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. გთავაზობთ ინტერვიუს ლადო ფოჩხუასთან, რომელიც ამერიკის ხმის ნიუ იორკის კორესპონდენტმა თეა თუაშვილმა ჩაწერა.

თეა თუაშვილი: გამარჯობა ლადო. რას შეეხება თქვენი დღევანდელი ლექცია?

ლადო ფოჩხუა: ეს ლექცია შეეხება მეოცე საუკუნის ქართულ ფერწერას, გრაფიკას და დიზაინს. მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა საერთოდ და ვთვლი, რომ პროპაგანდა სჭირდება, განსაკურებით მხატვრებს - დავით კაკაბაძეს, ლადო გუდიაშვილს, ელენე ახვლედიანს, კარლო კაჭარავას, ირაკლი ფარჯიანს. როცა დავიწყე ამ ლექციაზე მუშაობა მივხვდი რომ ქართველებმა ვერ შექმნეს „ტოტალური იმიჯი“ და კარგია ჩვენთვის. რაც ჩვენია, ეს არის უფრო მოზაიკური ხელოვნება. არ ვიცი რატომ, ხასიათია ალბათ, ეს ჩვენი ხასიათია.

თეა თუაშვილი; ეს ეპოქა, 1919 წლიდან 1991 წლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართული ფერწერისთვის, რომელიც საბჭოთა ეპოქის, ასე ვთქვათ „ მონობის“ პერიოდში განვითარდა.

ლადო ფოჩხუა: კი გეთანხმებით, ასე რომ ვთქვათ „მონობის“ პერიოდი. მე არ მიყვარს საბჭოთა კავშირი. მე გავიზარდე ამ ეპოქაში, მე მახსოვს რა იყო საბჭოთა კავშირი და ვერ ვიტან. მაგრამ ეს იყო არაჩვეულებრივი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ დავიწყეთ დაზგური ხელოვნება. ქართველებს ჰქონდათ ფრესკული ხელოვნება მანამდე, მაგრამ დაზგური ფერწერა - ტილოს, ზეთის გამოყენება დაიწყეს იმ პერიოდში მოღვაწე მხატვრებმა, გუდიაშვილმა და სხვებმა. სწორედ ისინი იყვნენ ამ საქმის პიონერები და ეს ეპოქა ამ მხრივ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თეა თუაშვილი: როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა განვითარება საბჭოთა რესპუბლიკის პირობებში ქართულმა მხატვრობამ?

ლადო ფოჩხუა: ძალიან ძნელად. ძალიან დიდი ფასი გადავიხადეთ ამისთვის. აი კაკაბაძე ტრაგიკული, პეტრე ოცხელი, გუდიაშვილიც ტრაგიკული. აი, ბოლო ნამუშევრებს თუ ნახავთ, ჩაკეტილი იყვნენ ამ სოციალისტურ რეალობაში. ამ ლექციის მიზანი არის ამერიკელებმა გაიგონ საქართველოში როგორ ვითარდებოდა ხელოვნების ეს მიმდინარეობა. ვინ იყო კაკაბაძე. ის არის მსოფლიო დონის მხატვარი, რომელსაც არავინ იცნობს, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ და ძალიან ძნელია ამის პროპაგანდა. დავუშვათ, ქართველები რომ იყვნენ ორასი მილიონი, მაშინ კაკაბაძე იქნებოდა ნებისმიერ მუზეუმში. აი ეს უცნაური ფენომენია, უფრო მდიდარი ერი ვიქნებოდით და ის ყველგან იქნებოდა.
XS
SM
MD
LG