ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები ლევილში


ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები ლევილში
ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები ლევილში

საფრანგეთის ისტორიულ ქალაქ ლევილში 12 და 13 ნოემბერს უკვე მეცხრედ აღინიშნა ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები. ლევილის მერი დანიელ ესპრენი საზეიმო ვითარებაში შეეგება საქართველოს წარმომადგენლობას. ამ ღონისძიებას დაესწრო საქართველოდან საგანგებოდ ჩამოსული დელეგაცია, მათ შორის სახელმწიფო მინისტრი დისპორის საკითხებში ბ-ნი პაპუნა დავითაია და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა. მათ ყველამ ერთად, ქართულ-ფრანგული მეგობრობის სიმბოლოდ ლევილის მერიისა და ქართული კერის ტერიტორიებზე ერთმანეთის გვერდით ქართული და ფრანგული ჯიშის ვაზები დარგეს.

ამ აქტის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ლევილის მერმა ვრცლად ისაუბრა აუდიტორიის წინაშე : „ ქართულ-ფრანგული კულტურის დღეებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ჩარგული ვაზის ნერგები ჩვენს ქვეყნებს და მათ შორის მეგობრობას წარმოადგენს. საქართველოსა და საფრანგეთს საერთო აქვთ ვაზის კულტურა რაც კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ჩვენს ხალხს. იმისათვის რომ ლევილმა თავისი ისტორია შემოინახოს, არ უნდა დაგვავიწყდეს არც ნოე ჟორდანია და არც ფრანგი ლასეპედი, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ, მართალია, სხვადასხვა ეპოქაში მაგრამ ორივე დემოკრატიისათვის იბრძოდნენ. ამიტომ არის რომ ჩვენთვის, ყველასთვის ასე ძვირფასია ლევილის მიწა.“

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში ბატონმა პაპუნა დავითაიამ მადლობა გადაუხადა ლევილის ხელმძღვანელობას და ზოგადად ფრანგულ საზოგადოებას ქართული ემიგრაციის გულთბილად მიღებისა და მხარში დგომისათვის. მან იმედი გამოთქვა რომ ლევილში მიღწეული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი პროექტი ქართულ-ფრანგული კულტურის ცენტრის დაარსების შესახებ მომავალში წარმატებით განხორციელდება.

წლევანდელი გამოშვების თემა ქართული და კავკასიური ტრადიციული კოსტუმები იყო, რომლის ნიმუშებიც საგულდაგულოდ შეაგროვეს ქართულ-ფრანგული დღეების ორგანიზატორებმა. მათ შორის იყვნენ: ლევილის მუნიციპალიტეტი და მასთან არსებული კულტურის კომისიის წარმომადგენლობა, საქართველოს საელჩო საფრანგეთში, ლევილის ქართული კერა, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“, ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგული კულტურული ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ და სხვა.

ქართულ-ფრანგული კულტურის დღეების ორგანიზებაში მონაწილეობა არაერთმა ფრანგმა და ქართველმა კერძო პირებმაც მიიღეს რომლებმაც საკუთარი პირადი კოლექციიდან შემოგვთავაზეს ქართული კოსტიუმების, პუბლიკაციების, დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ნივთების სხვადასხვა ძვირფასი ნიმუშები.

ქართული კულტურით დაინტერესებულ პირთთვის წარმოდგენილი კოლექციის გარკვეული ნაწილის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო რომელსაც ქართულ ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი ახალგაზრდები უძღვებოდნენ. საზეიმო განწყობას აძლიერებდა ქართველი მხატვრის გია რურუას გამოფენა ხალხური ზღაპრების თემაზე.

საფრანგეთში მოქმედმა ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ ქართული ლიმღერისა და ცეკვის დაუვიწყარი კონცერტი შესთავაზა აუდიტორიას.

საღამო ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. ქართული კულტურის მოყვარულები ლევილში ახალ შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან.

XS
SM
MD
LG