მთავარი გზავნილი: „სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“

ობამამ სააკაშვილი ოვალურ კაბინეტში პირველად მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან 40 წუთიანი შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტს „ბედნიერი ტოვებს“.

„ჩვენ მივიღეთ ის რისი მიღებაც გვსურდა“ - ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც ობამა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდა.

„მე პირადად მერამდენედ ვარ ოვალურ კაბინეტში, თეთრ სახლში და მინდა ვთქვა, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ. თან იმ მომენტში, როცა ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

პრეზიდენტ ობამას ფრაზა რომ "საქართველო უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია" და "საქართველო დემოკრატიისა და გამჭირვალობის მოდელით, მთელი რეგიონისთვის მაგალითს ქმნის" დღეს ყველაზე ხშირად გადაიცემოდა ქართული ნაციონალური მაუწყებლების ეთერში.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას ამ სიტყვებს დამატებითი კომენტარი აღარც სჭირდება იმდენად ნათელია ყველაფერი.

„საქართველო დასახელდა, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის შთამბეჭდავი მაგალითი რეგიონალური თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, პრეზიდენტ ობამას ამ შეფასებას დამატებითი კომენტარები აღარ სჭირდება და შედეგებიც არის სახეზე.

როგორც თავდაცვის ასევე ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გადადის სრულიად ახალ ეტაპზე. ეს არის შანსი და ახალი იმპულსი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და საქართველო ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

ის, რომ აშშ დემოკრატიულობის მართლა აკვანი აღიარებს საქართველოს როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, ეს ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, საქართველომ ამ მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები და საქართელო ასევე აქტიური იქნება, როგორც რეგიონალური ლიდერი და როგორც პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე.“

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამასთან ასევე აღნიშნა, რომ აფასებს იმ სამუშაობს რაც წარსულში გაკეთდა და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები გაიმართება“.

„ხელისუფლების კანონის დაცვით გადაცემის პროცესი, რომელიც საქართველოში განხორციელდება ვფიქრობ, განამტკიცებს იმ რეფორმებიდან ბევრს, რომლებიც უკვე გატარდა.“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ობამას გამოსვლის ტექსტის ის ნაწილი, სადაც ხელისუფლების გადაცემაზეა საუბარი, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათარგმნია როგორც ხელისუფლების ფორმალური გადაცემა.

საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტს ლევან ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ბუნებრივად აისახება:

„ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს ინტერსებს ემსახურებოდა. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რომელიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობით მართლაც დიდ როლს ასრულებს. შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირეა.

თუმცა, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია იმის ხაზს გასმა, რომ ჩვენ ჩვენი მნიშვნელობა არ გადავაჭარბოთ და ჩვენს როლს გადამეტებულად არ შევხედოთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ისიც, რომ შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის ეს ვიზიტი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მომგებიანი იქნება, ეს იცოდა ობამაც და რა თქმა უნდა ეს სააკაშვილის რეიტინგს წაადგება.“

ოპოზიციის ახალი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს აშშ-ში, წამყვანი ამერიკული გაზეთების ფურცლებზე გამოეხმაურა.

„ნიუ იორკ თაისმა“ და „ვაშინგტონ პოსტმა“ ფასიანი რეკლამის სტატუსით, ბიძინა ივანიშვილის წერილი ამერიკის პრეზიდენტისადმი სწორედ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დღეს გამოაქვეყნეს.

ივანიშვილი ბარაქ ობამას კერძოდ წერს, რომ „ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავზე ჩემი ქვეყანა, მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, ჯერ კიდევ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზის გასაყართან დგას. ველით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის ეს ვიზიტი დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება.“