უკვე მეორე დღეა რუსეთის ბელგოროდის რეგიონში შეტაკებები გრძელდება. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს და ტერორიზმის მუხლით გამოძიება დაიწყო. კიევი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელები რუსეთის მოქალაქეები არიან.
ბელგოროდში მიმდინარე შეტაკებებზე და მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ორმა ჯგუფმა: რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა აიღო. რა ვიცით ამ დროისთვის ამ ჯგუფების შესახებ.
რუსეთის მოხალისეთა კორპუსი
ჯგუფი ულტრამემარჯვენე რუსი მოქალაქის მიერ გასული წლის აგვისტოში დაარსდა. მასში გაწევრიანებულები არიან ის რუსები რომლებიც წლებია იბრძვიან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი 2014 წლიდან. როცა რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და ცეცხლი გახსნა აღმოსავლეთ უკრაინაში.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო რუსეთის მოხალისეთა კორპუსის წევრები აქტიურად იბრძოდნენ უკრაინა რუსეთის საზღვართან და მარტში მათ პასუხისმგებლობა აიღეს, ასევე ბელგოროდში მომხდარ თავდასხმებსა და აფეთქებებზე.
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განმარტავენ, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსი დამოუკიდებელი ჯგუფია რუსეთის შიგნით, რომელსაც ასევე ჰყავს ქვედანაყოფი უკრაინის უცხოურ ლეგიონში. უკრაინაში უცხოური ლეგიონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ რუსეთის მოხალისეთა კორპუსთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ასევე ნახეთ: ვითარება ბელგოროდში - კიევისა და მოსკოვის პოზიციებიმას შემდეგ, რაც რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ ბრძოლა 22 მაისს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს ორი მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ მათ რუს სამხედროებს ჯავშანტრანსპორტიორი წაართვეს. სააგენტო „როიტერმა“ ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დაადგინა, ის ილია ბოგდანოვია, რუსეთის მოქალაქე, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. ბოგდანოვი 2015 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.
რუსეთის თავისუფლების ლეგიონი
არსებული ინფორმაციით, რუსეთის თავისუფლების ლეგიონი 2022 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. მათი გაცხადებული სურვილია „იბრძოლონ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პუტინის შეიარაღებული ბანდის წინააღმდეგ“.
ჯგუფი ღიად ამბობს, რომ თანამშრომლობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და მოქმედებს უკრაინის მითითებებით. თავისუფლების ლეგიონი ადასტურებს რომ ბელგოროდში მიმდინარე სამხედრო თავდასხმაში მონაწილეობენ, მანამდე ისინი რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა განმარტავს, რომ ბელგოროდზე თავდასხმაში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან ჩართულნი და ისინი ქმნიან „უსაფრთხოების ზონას უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად".
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის სამხედრო დაზვერვა არც ადასტურებს და არც უარყოფს, რომ ბელგოროდზე თავდასხმაში მონაწილე ძალები არიან, თუ არა უკრაინული ქვედანაყოფები. დამაზუსტებელ კითხვებს პასუხები ამ დრომდე არ გასცემია.