ინტერნეტში ამერიკულ არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ნიაღვრის ფონზე, "ფეისბუქმა" გადაწყვიტა, პოლიტიკურ რეკლამებზე დაწესებული აკრძალვა, კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს. შესაძლოა, ამის მიზეზია ის, რომ ჯორჯიის შტატში სენატორის არჩევნები იანვარში თავიდან გაიმართება. მას სენატში უმრავლესობის მოპოვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ერთ-ერთი წამყვანი სოციალური ქსელის გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაცია ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში, პოლიტიკური რეკლამების აკრძალვას "გუგლიც" გააგრძელებს.
ასევე ნახეთ: ფაუჩი ტრამპის რეკლამაში მისი სიტყვების გამოყენების წინააღმდეგია"იმის მიუხედავად, რომ ბევრმა წყარომ წინასარ დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა, ჩვენი ღრმა რწმენით, დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პლატფორმა ბოროტად არ გამოიყენონ" - მიწერა "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ რეკლამის მსურველებს. ელექტრონულ წერილში საუბარია იმაზეც, რომ პაუზა სავარაუდოდ ერთი თვე გასტანს, თუმცა "შეიძლება რეკლამები უფრო ადრეც განახლდეს".
ინფორმაცია ამ მიმოწერის შესახებ "როიტერმა" გაავრცელა. მოგვიანებით, ეს ცნობა ონლაინ ბლოგში "ფეისბუქმაც" დაადასტურა.
ასევე ნახეთ: ტრამპი პენსილვანიაში მილიონობით ბიულეტენის ბათილად ცნობას ითხოვსსოციალურ ქსელებში მომრავლდა უსაფუძვლო განცხადებები, რომელიც ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებზე ამბობს, რომ ამომრჩეველთა ხმები ტოტალურად გაყალბდა. სინამდვილეში, შტატების ოფიციალური პირები, ვინც არჩევნებს ატარებს და ზედამხედველობს, იმის მიუხედავად დემოკრატები არიან ისინი თუ რესპუბლიკელები, აცხადებენ, რომ მათ შტატში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა.
მაგალითად, კვირას შექმნილ "ფეისბუქის" ჯგუფში, სადაც 400 000-მდე ადამიანი გაერთიანდა, წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების გადათვლას ითხოვენ. ჯგუფში სჯერათ, რომ არჩევნებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მასიური გაყალბება მოხდა.
"გუგლს" ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, "როიტერს" ერთ-ერთმა რეკლამის მსურველმა აცნობა, რომ კომპანიაში რეკლამებზე შეზღუდვის გახანგრძლივებას, დეკემბრის ჩათვლითაც კი არ გამორიცხავენ. ადრე "გუგლის" პრესსპიკერმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ როდის დასრულდება ხმების დათვლა და იქნება თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო არეულობა.